ამბროლაურში, სადგურის მოედანზე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციისათვის სცენის მონტაჟი დილის 8 საათიდან დაიწყო. „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის ზურაბ კაციტაძის განცხადებით, ხალხში საზეიმო განწყობაა და დღევანდელი აქცია მასშტაბური იქნება.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებისაგან ამ პერიოდის განმავლობაში ხელის შეშლის მცდელობა იყო. იგივე განწყობაა ონში, სადაც მოსახლეობას სწორი არჩევანის გაკეთებისკენ ონის მკვიდრებიც მოუწოდებენ.
„ყველას სურს ბიძინა ივანიშვილი იხილოს და პირადად მისგან მოისმინონ ის სიტყვები, რასაც ჩვენ პრესის თუ სხვა საინფორმაციო საშუალებებით ვავრცელებთ. პირადი ემოცია მაინც სულ სხვაა . ყველა დარწმუნებულია, რომ მისი შეხედვა და სიტყვები დიდ გავლენას მოახდენს მთელ ამბროლაურის რაიონზე და გარდატეხას შეიტანს იმ შიშის დანერგვაში რომელიც მოსახლეობაში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეაქვთ“, - განაცხადა კაციტაძემ.
მისივე თქმით, მოსახლეობაზე ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდება, და აღნიშნავს, რომ მიუხედავად დაშინებისა ხალხი მაინც იკრიბება.
„ხალხი მოსულია. დღეს გადაიჭედება ჩვენი მოედანი და ყველა იხილავს იმ მუხტს, რომელსაც სურს ეს მთავრობა წავიდეს და ჯანმრთელი მთავრობა მოვიდეს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ფეხზე დააყენებს“, - განაცხადა კაციტაძემ.