საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ბოლნისში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი ინიციატივები იყო.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლითაც პრემიერ-მინისტრი ბოლნისში ფერმერებთან შეხვედრაზე გამოვიდა, ხელისუფლების დეცენტრალიზაციას ეხებოდა. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მისი მთავრობის მთავარი კურსი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებების ძირითადი ნაწილის გამგებლებზე, საკრებულოებზე და სოფლის რწმუნებულებზე გადანაწილება, რის შედეგადაც სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ნებართვების, ლიცენზიების თუ სხვა რეგულაციების საკითხები ადგილზე გადაწყდება. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილების ადგილზე, კონკრეტულ რაიონში, კონკრეტულ სოფელსა თუ დაბაში მიღება გაცილებით ეფექტური და შედეგიანი იქნება, რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მოსახლეობასთან ერთად, უკეთესად იცის საკუთარი რაიონის თუ სოფლის სპეციფიკური პრობლემები და მისი გადაჭრის გზები.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ძლიერი ქვეყნის საფუძველი ძლიერი და მდიდარი გლეხია, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მთავარი ამოცანა სოფლის მეურნეობის განვითარება და ფერმერებისთვის მაქსიმალური ხელის შეწყობაა. ვანო მერაბიშვილის თქმით, სწორედ ამიტომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება 500 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საწარმოს შექმნა; დამატებით სულ მცირე 95 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მორწყვა, 35 ათასი ჰექტარი დატბორილი მიწის დაშრობა და სავარგულად ქცევა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ინტენსიური კომუნიკაციის მნიშვნელობას მთავრობასა და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებს შორის, რათა ერთობლივი მუშაობის შედეგად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება და ხარისხი გაიზარდოს და შესაძლებელი გახდეს ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტზე გატანა.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ბოლნისის და დმანისის რაიონები სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი რაიონებია, ამიტომაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, რათა კიდევ უფრო მეტი პროდუქციის წარმოება იყოს ამ რაიონებში შესაძლებელი. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით დაწვრილებით ისაუბრა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე შექმნილი რამდენიმე საცდელი მეურნეობის ფუნქცია-დანიშნულებაზე. ვანო მერაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო მზად არის, დაინტერესებულ ფერმერებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში მაქსიმალური დახმარება გაუწიოს, მათ შორის, სხვადასხვა სახის შეღავათის დაწესებით.
შეხვედრის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა შეკრებილი ფერმერები ბოლნისის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცდელ მეურნეობაში მიიწვია, რათა მათ თავად ენახათ თუ რა შესაძლებლობებს იძლევა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში გაშენებული ბოსტნეული სადემონსტრაციო ნაკვეთის საერთ ფართობი 130 ჰექტარია. სოფლის მეურნეობის კორპორაციის საპილოტე პროექტის ფარგლებში წელსთანამედროვე ტექნოლოგიებით 50 ჰექტარი მიწა დამუშავდა. სადემონსტარციო ნაკვეთზე გაშენებულია სხვადასხვა ბოსტნეული კულტურა, პომიდორი, ხახვი, კარტოფილი და ლობიო. ნაკვეთი თანამედროვე წვეთოვანი ირიგაციის სისტემით ირწყვება, რაც მოსავლიანობას ზრდის. ნაკვეთში დასაქმებულია 40 ადგილობრივი და სეზონურად მათი რიცხვი 70-მდე იზრდება.