ლეა სეიდუ: „ტიპიური“ ფრანგი ქალის წოდებისთვის ზედმეტად მორცხვი ვარ(VIDEO)

ლეა სეიდუ: „ტიპიური“ ფრანგი ქალის წოდებისთვის ზედმეტად მორცხვი ვარ(VIDEO)

16 აგვისტოს, მსოფლიო კინოგაქირავებაში გამოვა ფრანგი რეჟისორის ბენუა ჟაკოს ისტორიული დრამა „მშვიდობით, ჩემო დედოფალო“, რომელსაც საფუძვლად ფრანგი მწერლის შანტან ტომის რომანი დაედო. ამ ფილმით გაიხსნა ბერლინის 62-ე კინოფესტივალი და მან  კინოკრიტიკოსების დიდი ყურადღებაც მიიპყრო.

ფილმის მოქმედება საფრანგეთის რევოლუციის დროს ვითარდება. მოქმედი გმირები არიან: დედოფალი მარია-ანტუანეტა და სეფე ქალი სიდონი. დედოფლის როლს დიანა კრიუგერი ასრულებს, ხოლო მის სეფე ქალს ახალგაზრდა ფრანგი მსახიობი ლეა სეიდუ განასახიერებს.

ლეა ხშირად აღნიშნავს, რომ მსახიობი სრულიად შემთხვევით გახდა. ბავშვობაში ის მომღერლობაზე ოცნებობდა, ჩააბარა კიდევაც კონსერვატორიაში და ოპერის მომღერალი გახდა.

ცხოვრების კინოსთან სამუდამოდ დაკავშირება ლეამ  კრისტოფ ონორეს ფილმის „ლამაზი ადამიანის“ თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ გადაწყვიტა, სადაც  პარტნიორობას მას  მომხიბვლელი ლუი გარელი და გრეგუარ ლეპრენს-რენგე უწევდნენ.

დღეს, ლეას იღებენ, როგორც ფრანგი, ასევე ჰოლივუდის რეჟისორები. თუ აქამდე მას მეორეხარისხოვანი როლების შესრულება უწევდა, ახლა მთავარ როლებს სთავაზობენ.

ლეა სეიდუს ბაბუა ჟერომ სეიდუ  მთავარი ფრანული კინოსტუდიის Pathé-ს ხელმძღვანელი იყო, ხოლო მისი პაპა ნიკოლა სეიდუ სტუდია Gaumont-ს ედგა სათავეში.

ლეა „პრადას“ არომატის Candy-ს სარეკლამო სახეა, გადაღებულია ასევე მაღაზია ASOS სარეკლამო ვიდეორგოლებში.

გთავაზობთ ინტერვიუს ლეა სეიდუსთან, რომელიც ჟურნალმა „ELLE“- მ  ამ კვირის ნომერში გამოაქვეყნა.

-ლეა თქვენი მშობლიური ქალაქი  პარიზია,  ვუდი ალენმა  ამ ქალაქის სახეც გიწოდათ...

-დიახ, პარიზი ჩემთვის ძალიან ახლობელია, მე მის ყველა კუთხე კუნჭულს კარგად ვიცნობ. უფრო მეტიც, ზოგჯერ მეჩვენება, რომ ეს ქალაქი ჩემი სამოთხეა...

-კი მაგრამ, ის ხშირად მოღუბლული და წვიმიანია..

-ამიტომაც ჰქვია მას სიყვარულის ქალაქი, ამიტომაც არის ის ყველაზე სასურველი შეყვარებულებისთვის, სველი ამინდი ადამიანებს ერთმანეთთან უფრო აახლოევბთ.

-რომანტიკოსი ხართ?

-არა, ალბათ უფრო მელანქოლიური.

-ყველაზე მოულოდნელი და ექსტრავაგანტული რა ჩაგიდენიათ?

-ყველაზე მოულოდნელი ის იყო, რომ მე  მსახიობი გავხდი და  პროფესია, მხოლოდ  საყვარელი მამაკაცის დასამორჩილებლად შევიცვალე.

-შეგიძლიათ დაწვრილებით მოგვიყვეთ?

-ეს ჩემი  პირველი რომანი იყო. მაშინ 18 წლის ვიყავი. ის მსახიობი მამაკაცი სიგიჟემდე შემიყვარდა. საშინლად ვეჭვიანობდი მის ცხოვრების წესზე,- ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა. მეც მინდოდა მას დავმსგავსებოდი,  საკუთარ თავს შთავაგონე, რომ  „ მისი ცხოვრება“  მინდოდა.  ასეც მოვიქეცი, ამ მამაკაცს მალევე დავშორდი, მაგრამ თავისუფალი დრო საერთოდ არა მაქვს. ბოლოდ მივხვდი, რომ ბევრი თავისუფალი დრო, მხოლოდ ცუდ  მსახიობებს აქვთ.

-როდესმე შეგყვარებიათ პარტნიორი ფილმიდან?

-არა, გადაღებები ბევრ ენერგიას მოითხოვს. მოედანზე სხვა რამისთვის დრო არ რჩება.

-გადაღებების შემდეგ?

-შემდეგ შეიძლება. თუმცა მე ჯერ არ მქონია ასეთი რომანი. როგორც ჩანს, პროფესიაზე ვარ შეყვარებული.

-რა განსხვავებაა ფრანგულ და ამერიკულ კინოს შორის?

-ფრანგული კინო უფრო თეატრალიზებულია. „მშვიდობით ჩემო დედოფალოს“ გადაღებების დროს, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სცენაზე ვიდექი და სულ მინდოდა არიების შესრულება დამეწყო. ამერიკული კინო უფრო დემოკრატიულია. ის უფრო ღიაა ევროპელი მსახიობებისთვის, ვიდრე პირიქით ევროპული კინო ამერიკელებისთვის.

-თქვენ იყავით ნომინირებული ფრანგულ ნაციონალურ პრემია „სეზარზე“ , ვინ იცის, იქნებ მალე „ოსკარზეც“ აღმოჩნდეთ... სად შეინახავთ საპატიო ჯილდოს?

-საძინებელში.

-ფუმფულა სათამაშოს ნაცვლად?

-არა შეიძლება ისიც დავიტოვო.

-ვუდი ალენმა და კვენტინ ტარანტინომ თქვენ აგირჩიეს, რადგან მათთვის „ტიპიური ფრანგი ქალი“ ხართ, ეთანხმებით მათ აზრს?

-„ტიპიური“ ფრანგი ქალის წოდებისთვის ზედმეტად მორცხვი ვარ.