რუსთავის მერია "ქართულ ოცნებას" 19 აგვისტოს აქციის გამართვას მეგობრობის მოედანზე ან მეტალურგიული სამმართველოს შენობის წინ არსებულ მოედანზე სთავაზობს.
რუსთავის მერიის პრესსამსახურის უფროსის, ნინო კორძაიას განცხადებით, მართალია ამ ტერიტორიზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალის მშენებლობა მიმდინარეობდა, თუმცა თვითმმართველობა მზად არის, ორი დღის განმავლობაში შეაჩეროს მეგობრობის მოედანზე #1 და #2 კორპუსებს შორის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მისივე თქმით, მერია აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თავიანთ პირველ განცხადებაში დააყენეს.
კოალიციამ გასულ ორშაბათს განცხადებით მიმართა რუსთავის მერიას და აქციის გამართვა მერიის წინ ან მეგობრობის მოედანზე ითხოვა, თუმცა კოალიციამ უარი მიიღო.
ამის შემდეგ, კოალიციის წარმომადგენლების თქმით, მერიას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აქცია ჟიული შარტავას სახელობის მოედანზე გაიმართება. თუმცა მესამე შეთავაზებაზეც კოალიციამ უარყოფითი პასუხი მიიღო.
ცნობისთვის, დღეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მერიის წინააღმდეგობის მიუხედავად, აქცია შარტავას მოედანზე 19 აგვისტოს, 19:00 საათზე მაინც გაიმართებოდა. საპასუხოდ რუსთავის მერიამ განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორებს დაეკისრებოდათ.