რუსთავის მერია კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შარტავას მოედანზე აქციის გამართვის საშუალებას არ აძლევს და მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციული შენობის წინ არსებულ მოედანს სთავაზობს.
რუსთავის მერიის განცხადებით, თუ კოალიცია „ქართული ოცნება“ 19 აგვისტოს აქციას ჟიული შარტავას მოედანზე ჩაატარებს, პასუხისმგებლობის აღება აქციის ორგანიზატორებს მოუწევთ.
ადმინისტრაციის ცნობით, შარტავას მოედანზე ხალხის შეკრება,ავტოსაგზაო მოძრაობის შეფერხებას გამოიწვევს. ასევე,დღის განმავლობაში სხვა ალტერნატიულ ადგილას სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი,მათ შორისს მერიის წინაც.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, დღის ბოლომდე მოხდება აზრთა შეჯერება იმის თაობაზე, დათანხმდებიან თუ არა რუსთავის მერიის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, აქციის ჩასატარებლად რუსთავის მერიის მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული ვარიანტები ქალაქგარეთაა და აქციის გასამართად არ გამოდგება.
„ეს ტერიტორია გველებით არის სავსე. ამასთან, სამშენებლო პოლიგონია. არ ვაპირებთ, ჩვენი მხარდამჭერები ქალაქგარეთ ვატაროთ. აქედან გამომდინარე, აქცია 19 აგვისტოს ჟიული შარტავას მოედანზე გაიმართება“, - განაცხადა ძიძიგურმა.