"ახალი მემარჯვენეების" წინასაარჩევნო სლოგანი იქნება - "შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად". სლოგანის პრეზენტაცია დღეს პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ გამართა.
პრეზენტაციაზე პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამა 100 გვერდს მოიცავს და პარტიის წარმომადგენლები მასზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.
მისივე თქმით, პრაქტიკულად, ყოვლისმომცველ პროგრამაში მოცემულია გზები და საშუალებები, რითაც "ახალი მემარჯვენეები" თავიანთი საარჩევნო სლოგანის - "შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად" განხორციელებას გეგმავენ და აღნიშნა, რომ ის მოსახლეობის ყველა ჯგუფის ინტერსებსა და მოთხოვნებს ეხმიანება.
"შეძლებული ოჯახი ნიშნავს დასაქმებულ და ღირსეული შემოსავლის მქონე ოჯახს, რომლის შემოსავალი თვეში მინიმუმ 1 000 ლარია, ოჯახის თითოეული წევრისთვის გარანტირებულ სამედიცინო მომსახურებას დაზღვევის თუ სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას, ვისაც ამის სურვილი და მისწრაფება აქვს, პენსიას ოჯახის ხანდაზმული წევრებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ არსებობას, არამედ ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
ძირითადი საარჩევნო დაპირების შესრულებას "ახალი მემარჯვენეები" აპირებენ რეალური, ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრებით თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დამყარებულ საბაზრო ეკონომიკის განვითარებით, სადაც ადგილი არ ექნება ხელისუფლების მიერ ხელოვნურად შექმნილ მონოპოლიებს.
"ახალი მემარჯვენეების" პროგრამის მიხედვით, ძირითადი გათვლა გაკეთებულია ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, რომელიც, გამყრელიძის განცხადებით, მთელ მსოფლიოში დასაქმების უმთავრესი საშუალებაა.
„პროგრამაში არის სოფლის მეურნეობაში განვითარებაზე და მის ქცევაზე ბიზნესისთვის მიმზიდველ დარგად. პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფელი და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა. ყოველივე ამის მიღწევას სტაბილური და უსაფრთხო სახელმწიფოს შექმნით ვაპირებთ, რომლის გარანტიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაა.“, - განაცხადა გამყრელიძემ.