დავით ბაქრაძე დღეს ყაზბეგის რაიონს ვერტმფრენით ესტუმრა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე წინასაარჩევნოდ ვერტმფრენით სტუმრობს ამა თუ იმ რეგიონს. ანუ პარტიულ ღონისძიებაზე დასასწრებად ბაქრაძე ვერტმფრენით ჩადის.
მაჟორიტარი კანდიდატების წარსადგენად ბაქრაძე ვერტმფრენით პირველად რამდენიმე დღის წინ კახეთში ჩაფრინდა და ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატებად პეტრე ცისკარიშვილი, მარიკა ვერულაშვილი და ვასილ დავითაშვილი წარადგინა.
პარლამენტის თავმჯდამარის მიერ ვერტმფრენის გამოყენებაში შეზღუდვა არ არის თუ მისი დაქირავების თანხები პარტიის მიერ არის გადახდილი. ანუ წინასაარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობამ ვერტმფრენის დაქირავების ხარჯები საკუთარ ხარჯებში უნდა ასახოს და აუდიტის სამსახურს წარუდგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაქრაძეს ეს კანონდარღვევად, ანუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ჩაეთვლება. ამას კი ქვეყნის მთავარი კანონმდებელი ალბათ არ დაუშვებს, რადგან საარჩევნო მარათონის დაწყებამდე სწორედ ბაქრაძე აცხადებდა, რომ წინასაარჩევნოდ კანონს ზედმიწევნით დაიცავს.
ბაქრაძის სტეფანწმინდაში ჩასვლის მიზეზი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის გოჩა მალანიას წარდგენაა.
მალანია ყაზბეგის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ყაზბეგის რაიონში მას „ქართული ოცნებიდან“ ექიმი მირიან წიკლაური უპირისპირდება.
დღესვე პარლამენტის თავმჯდომარე თიანეთის მაჟორიტარ კანდიდატს წარადგენს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თიანეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გიორგი აბაშვილია. აბაშვილი გამგებლის თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გადადგა.
„ქართული ოცნებიდან“ გიორგი აბაშვილს იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი უპირისპირდება.