კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები ხვალ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა ხვალ 12:00 საათზე დაიწყება, სადაც სტუმრებს "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა შევიწროებისა და დევნის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
როგორც ფანჯიკიძე განმარტავს, ერთ- ერთ ასეთ შემთხვევას ადგილი გუშინ დიდგორობის დღესასწაულზე ჰქონდა, როცა კოალიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ღონისძიებაზე დასწრება გადაწყვიტეს, თუმცა ისინი საპატრულო პოლიციამ შეაფერხა.
„ხელისუფლებამ მათ იქ საპატრულო პოლიცია დაუპირისპირა, რომელმაც უსაფუძვლო ბრალდებებით ჩვენს წარმომადგენლებს ხელი შეუშალა დღესასწაულს შეერთებოდნენ. პრობლემა შეექმნა ჩვენი 12 სამარშრუტო ტაქსის გადაადგილებას, ისინი დააჯარიმეს და საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს, ამის საფუძველი კი იყო სასაცილო - გაცვეთილი საბურავები, დაბადების მოწმობის არქონა, მგზავრთა გადაჭარბებული რაოდენობა და ა.შ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე განმარტებით, "ოპერაციას" პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი კოტე დიღმელაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ახალგაზრდებს პირდაპირ განუცხადა, რომ დიდგორობა "ნაციონალური მოძრაობის" დღესასწაული იყო და იქ სხვა პარტიის წარმომადგენელთა ყოფნა არ შეიძლებოდა.
ფანჯიკიძე აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომლები აშკარად კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესს გამოხატავდნენ და მაისურების მიხედვით არჩევდნენ ახალგაზრდებს.
„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველა გზით ცდილობს, ხელი შეუშალოს "ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიას. ეს ქმედება არანაირად არ მოდის შესაბამისობაში მმართველი გუნდის მიერვე ხელმოწერილ დეკლარაციასთან, რომელშიც პარტიები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ ერთმანეთის საარჩევნო კამპანიას ხელს არ შეუშლიან“, - განმარტა კოალიციის პრესსპიკერმა.