ფოთის პოლიციის მთავარ სამმართველოში მოწმის სახით „ქართული ოცნების“ ფოთის ახალგაზრდული მოძრაობის 3 აქტივისტი დაიკითხა. მათ გამოძიებას ჩვენება მისცეს მიმდინარე წლის 3 აგვისტოს აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
ინციდენტი სააგიტაციო მასალის დარიგების პროცესში მოხდა. კოალიციის ახალგაზრდული ფრთის წევრების განცხადებით, მათთან მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ირაკლი ნაჭყებია, რომელმაც „ქართული ოცნების“ გაზეთები გადახია და ერთ-ერთ აქტივისტ გოგონას „დანაშაულის პროვოცირების მიზნით“ სახეში შეაყარა. მათივე მტკიცებით, იმავე დღეს ავტომანქანიდან სახელმწიფო ნომრით CJC 251 უცენზურო სიტყვებით მიმართეს ახალგაზრდებს.
აღნიშნული ფაქტი, კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ, ეკა ბესელიას შტაბის იურიდიული სამსახურის მიერ იქნა გასაჩივრებული, რის საფუძველზეც სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება.
„მოწმის სახით დაიკითხნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის წევრები ანა გრიგოლია, ანა სურმავა და ომარ გუგუშვილი. მათ დეტალურად აღწერეს 3 აგვისტოს მომხდარი ინციდენტი და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრ, ირაკლი ნაჭყებიას მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოცირებას. აგრეთვე განაცხადეს, რომ შეუძლიათ პირის ამოცნობა, რომელმაც მათ ავტომანქანიდან უცენზური სიტყვებით მიმართა.
„როგორც ახალგაზრდებმა აღნიიშნეს, ის წარმოადგენს ფოთის კუდ-ის მაღალჩინოსანს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ეკა ბესელიას შტაბის იურიდიული სამსახურის უფროსმა ლილი გელაშვილმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება რეალურად დაადგენს ავტომანქანის მფლობელის ვინაობას, რომლის ფერი, მარკა და სახელმწიფო ნომერი ცნობილია, დაცვის მხრე იმედს იტოვებს, რომ გამოძიება მეტ-ნაკლებად ობიექტური იქნება.