ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებული ყურადღებით არჩევნების შემდგომ, ხმის დათვლის პროცესს დააკვირდება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ სენატორ რიჩარდ ლუგართან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი აქცენტი წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგზეც გაკეთდება, თუმცა მთავარი მაინც ხმის დათვლის პროცედურაზე დაკვირვება იქნება.
„ყველას კარგად ესმის, რომ ხმის დათვლის პროცესში არ უნდა მოხდეს დარღვევები და ქართველი ხალხის გადაწყვეტილება ზუსტად უნდა აისახოს შედეგებზე“, - განაცხადა მან.
ალასანიას განცხადებით, ისაუბრეს ოკუპაციაზეც და იმაზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანაში. მისივე განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ მდგომარეობასაც.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ საქართველოში ყველა წრის წარმომადგენელს ბიზნესში თანაბარი შესაძლებლობები უნდა მიეცეს.
„მონოპოლიებმა უნდა დატოვონ ქართული პოლიტიკაც, მედიაც და ბიზნესიც. ამაში სენატორ რიჩარდ ლუგარის მხრიდან სრული მხარდაჭერაა. სენატორი ემხრობა იმას, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და ხმები სწორად დაითვალონ", - აღნიშნა ალასანიამ.
სენატორ რიჩარდ ლუგარის შეხვედრა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან სასტუმრო „თბილისი მარიოტში" დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოალიცია „ქართული ოცნების" წარმომადგენელი თედო ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია და „ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე.