სახიფათო რეისი, რომელსაც სააკაშვილი 4 წელიწადი მალავდა

სახიფათო რეისი, რომელსაც სააკაშვილი 4 წელიწადი მალავდა

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-4 წლისთავზე, როგორც წინა წლებში, ამჯერადაც საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში იყო საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. თუმცა საქართველოს ლიდერის ძირითად მესიჯებში ორიგინალური და ახალი არაფერი ყოფილა, თუ არ ჩავთვლით სააკაშვილის მიერ მონათხრობ ერთ უცნაურ ისტორიას, რომლის შესახებაც ამ ხნის განმავლობაში ფართო საზოგადოებისათვის არაფერი იყო ცნობილი.

თავზეხელაღებული ჩაფრენა ოკუპირებულ ფოთში

საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კინაღამ რუსეთის საოკუპაციო ჯარების ტყვეობაში აღმოჩენილა. ასეთი სენსაციური განცხადება სააკაშვილმა ხუთშაბათს, 9 აგვისტოს, ახალციხეში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა და ასე გაიხსენა ოთხი წლის წინანდელი, უახლესი საქართველოს ისტორიისათვის დღემდე უცნობი ამბავი:
„კარგად მახსოვს, რომ გარშემო რუსეთის საოკუპაციო ჯარი იდგა, ყველგან გარშემო, მაგრამ აუცილებელი იყო ფოთში ჩაფრენა, რათა გაგვემხნევებინა, რადგან ეს მოხდა მას შემდეგ, რაც იქ ხალხი დაიღუპა. და მახსოვს, ავფრინდით, მივფრინავდით ძალიან ღრუბლებში დამალულები, რადგან ყოველი მხრიდან რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ და ცა იყო გადაკეტილი. და ესე ღრუბელ-ღრუბელ, მალვით ჩავფრინდით, როგორც იქნა, ფოთში. ხმელეთით გადაადგილება იყო შეუძლებელი, ტრასა ჰქონდათ დაკეტილი.“

რუსეთის არმიის მიერ საქართველოს სახმელეთო და საჰაერო კომუნიკაციების უპირობო კონტროლის პირობებში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ უჩუმრად ჩაფრენა ფოთში დაუჯერებლად ჟღერს, თუმცა არანაკლებ სენსაციურია ის, რაც მიხეილ სააკაშვილს ფოთში ჩასვლის შემდეგ გადახდენია:

„ჩავფრინდი და დავიწყე გამოსვლა პირდაპირ ეთერში და რუსებმა რომ დამინახეს პირდაპირ ეთერში, მოახტნენ რამდენიმე ათეულ „ბეტეერს“ და რომ წამოვიდნენ, ბუნებრივია, ჩემს დასაჭერად და ამ დროს გადაუდგა მათ ფოთის შესასვლელთან ადგილობრივი პოლიციის რაზმი, მსუბუქად შეიარაღებული, - ნაღმტყორცნები ჰქონდათ, - და უთხრეს, რომ  ჩვენ მაინც გავისვრით, არ გაგატარებთ. და რუსებს თან ახლდა ერთი ქართველი, ჩვეულებრივად ქართულ ენაზე მოლაპარაკე სუბიექტი... - სხვათა შორის, მაშინ რამდენიმე ასეული ქართველი იყო მათ შეიარაღებულ ძალებში. - და ამ ქართველმა უთხრა ჩვენს პოლიციელებს, ნუ გეშინიათ, ჩვენ ფოთში შევალთ, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ერთი ადამიანი. არავის არაფერს არ დავუშავებთ.“

უცნობი პოლიციელების გმირობა

მიხეილ სააკაშვილის მონათხრობს ახალციხის მოსახლეობა 9 აგვისტოს ძალიან დაძაბული უსმენდა. 4 წლის წინანდელი უცნობი ისტორიული ფაქტის გახსენებისას ღელავდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ნაღმსატყორცნი მსუბუქ შეიარაღებად ჩათვალა და, რაც მთავარია, დაავიწყდა ეხსენებინა იმ ქართველი პოლიციელების გვარები, რომლებიც არ შეუშინდნენ „ათობით ბეტეერზე“ ამხედრებულ ოკუპანტ ჯარისკაცებს და 4 წლის წინ პრეზიდენტი სააკაშვილი რუსი სამხედროების ტყვეობას გადაარჩინეს.

„და ამ პოლიციელმა უპასუხა, ამ შემთხვევაში ის ერთი ადამიანი არის საქართველო. და მე ნამდვილად არასოდეს არ გავკადნიერდები ისე, რომ ჩემი მოკრძალებული პიროვნების იდენტიფიკაცია გავაკეთო და გავაიგივო საქართველოსთან მთლიანობაში. მაგრამ საუბარი იყო ეროვნულ სიმბოლოებზე; საუბარი იყო იმაზე, რომ მათთვის საქართველოს მთავრობის ფიზიკური განადგურება იყო ტოლფასი საქართველოს დამონების და ფეხქვეშ გათელვის.  და ახლაც რჩება ამის სიმბოლოდ. ახლაც იმიტომ არიან ასე კონცენტრირებული იმაზე, რომ ისინი ვერ ჩათვლიან თავს გამარჯვებულად, სანამ საქართველოს იგივე მთავრობა ჰყავს,“- განაცხადა გასულ კვირაში, 9 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა.

ცხადია, ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია იმ პოლიციელების ვინაობა, რომლებმაც პრეზიდენტი დატყვევებას გადაარჩინეს; გაგვეგო, არიან თუ არა ისინი დაჯილდოებული სამხედრო ჯილდოებით ასეთი თავდადებული ქმედების გამო. მაგრამ ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და ვერც ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის პრესცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ამის შესახებ ვერაფერი გვითხრა:  „არ ვიცი, ვერ გეტყვი ვერაფერს.“

ერთადერთი ხელჩასაჭიდი ფაქტი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ საიტზე შემონახული, 2008 წლის 29 აგვისტოთი დათარიღებული ცნობაა, რომელიც დეტალურად გადმოსცემს ფოთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შინაარსს

ამ დროს ფოთში, ნაბადას ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ იმყოფებოდა რუსეთის საოკუპაციო ჯარის ქვედანაყოფი და მან მხოლოდ 2008 წლის 13 სექტემბერს დატოვა საქართველოს მთავარი „საზღვაო ჭიშკარი“. თუმცა ამ სტენოგრამაში არც ქართველი პოლიციელების გმირობაზეა საუბარი და არც რუსი სამხედროების მიერ პრეზიდენტის დატყვევების მცდელობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო იქნებოდა, თუკი საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ფოთში სააკაშვილის 4 წლის წინანდელი „სარისკო სტუმრობის“ ვიდეოკადრებსაც გაავრცელებდა. ამ კადრების მოძებნა ძნელი არ უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილმა ხუთშაბათს ახალციხეში გამართულ შეხვედრაზე ორჯერ გაიმეორა, რომ როდესაც რუსი სამხედროები მის დასაჭერად წამოვიდნენ, იგი პირდაპირ ეთერში საუბრობდა.

http://www.radiotavisupleba.ge/content/military-program-syria-saakashvili-in-poti/24674018.html