საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია სტუდენტური პროგრამა Sammer Job-ის განხორციელებაში ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს ვერ ხედავს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში სახელფასო პრემიების დარიცხვის ფაქტს ადასტურებს და შემთხვევას პედაგოგთა სტიმულირების მიზნით განხორციელებულ სამთავრობო ღონისძიებას უწოდებს. ამის შესახებ კომისიის მიერ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ გამოგზავნილ წერილშია საუბარი, რომელსაც ხელს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის წევრი, თამარ კინწურაშვილი აწერს.
„კომისიამ შეისწავლა 2012 წლის 7 ივნისს სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის გამოსვლის ვიდეო ჩანაწერი, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ბატონ დიმიტრი შაშკინს არც პირდაპირი, არც ირიბი მინიშნება არ გაუკეთებია იმის შესახებ, რომ დასაქმების პროგრამა მმართველი პარტიის ღონისძიებებში ჩართვას გულისხმობდა. სამინისტრომ აღნიშნული პროექტის მიმართ სტუდენტების მზარდი ინტერესის გამო მიიღო გადაწყვეტილება იგი საერთო ნაციონალური მასშტაბით განეხორციელებინა და მომავალშიც გეგმავს მის განხორციელებას. რაც შეეხება წერილში მითითებულ მეორე საკითხს, გაცნობებთ, რომ სკოლამდელი აღზრიდს დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თბილისის მერია 2010 წლიდან ახორციელებენ პროექტს, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების რეაბილიტაციას, ინსტიტუციონალურ განვითარებას, აღზრდის თანამედროვე სისტემის დანერგვას, თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. 2010 წელს ამ მიზნით ასიგნებები თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო, 2011 წელს – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან, ხოლო 2012 წელს კი – როგორც სამინისტროს, ასევე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან. რიგ შემთხვევაში, ეს თანხები სარემონტო სამუსაოებს მოხმარდა, გარკვეულ შემთხვევაში – პედაგოგთა სტიმულირების მიზნით პრემიებს, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების შემუშავებას და სხვა ღონისძიებებს.“ – ნათქვამია უწყებათაშორისი კომისიის წერილში.
ცნობისთვის, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ უწყებათასორის კომისიას 2012 წლის 14 ივნისს მიმართა და მოითხოვა რეაგირება მოეხდინათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორი მოქმედების გამო, რომელიც, ორგანიზაციის აზრით, წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და პოლიტიკური მექრთამეობის განხორციელების ნიშნებს შეიცავდა. ორგანიზაციის განმარტებით, პროგრამა Sammer Job-ის მონაწილეებს მმართველი პარტიის მხარდამჭერ ღონისძიებებში მონაწილეობას ავალდებულებდნენ, ხოლო დედაქალაქის თითქმის ყველა სკოლამ ივნისის თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5000–დან 10000–ლარამდე მიიღო.
სტუდენტების პარტიულ აქტიურობებში გამოყენების ვარაუდი 2012 წლის 7 ივნისს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის პროგრამაში რეგისტრირებულ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ გამოითქვა, რა დროსაც მინისტრმა პროგრამაში ახალდარეგისტრირებულებს პროექტის მნიშვნელობა და სახელშეკრულებო პირობები გააცნო. მინისტრმა სტუდენტებთან საუბარში ირიბად მიანიშნა, რომ პროგრამის მონაწილეები სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილ სხვადასხვა აქტიურ ღონისძიებებში მიიღებდნენ მონაწილეობას, რასაც შემდგომში მოჰყვა კიდეც მმართველი პარტიის თბილისის რაიონული კოორდინატორების გააქტიურება და არსებული ინფორმაციით, კოორდინატორებმა მიიღეს დავალება, პირველ ეტაპზე, აღწერონ სოციალურად დაუცველი სტუდენტთა რაოდენობა. ორგანიზაციამ სამინისტროსგან სტუდენტებთან დადებული ხელშეკრულების მოწოდებაც მოითხოვა, თუმცა სამინისტროს საჯარო ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუცია.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, უწყებათაშორისი კომისია არ დაინტერესებულა დასმული საკითხები მიუკერძოებლად განეხილა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ბეშუმში მომხდარი ინციდენტის დროს, წითელ მაისურებში მყოფი ახალგაზრდები სწორედაც პროგრამა Sammer Job-ის მონაწილეებს შეადგენდნენ, ხოლო კომისიამ მეორე საკითხის შეფასებისას, მართალია, ბიუჯეტიდან საჯარო სკოლებისთვის გაცემული თანხები დაადასტურა, თუმცა შეფასება არ გამოთქვა, წინასაარჩევნოდ განხორციელებული ქმედების მართლზომიერებასთან დაკავშირებით.