დღეს, 12 აგვისტოს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქართველი წმინდანის, ცოტნე დადიანის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმიდა ცოტნე დადიანი - „კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და ბრძოლასა შინა სახელოვანი“ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნეში. ამ დროს საქართველო მონღოლთა უღელქვეშ იტანჯებოდა. რუსუდან მეფის გარდაცვალების შემდეგ (1245 წელს) მონღოლებმა საქართველოს მთავრებს უმძიმესი ხარკი დაუწესეს და თან ბრძოლებში მონაწილეობაც დაავალეს. ქვეყნის მდგომარეობა იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ საქართველოს მთავრებმა გადაწყვიტეს, გაერთიანებული ძალებით შებრძოლებოდნენ მტერს.
კოხტასთავს დადგენილ შეკრებაზე მთავრებმა „დაამტკიცეს ომი, და დადვეს პაემანი ქართლს შეკრებისა“. ცოტნე დადიანი, „კაცი კეთილი და სრული საღმრთოთა და საკაცობოთა“, და რაჭის ერისთავი ლაშქრის შესაკრებად წავიდნენ. როგორც კი თათრებმა ქართველთა მთავრების ფარული შეკრების შესახებ გაიგეს, მაშინვე კოხტასთავს გაემართნენ, იქ შეკრებილი ყველა ქართველი დიდებული დაატყვევეს და ანისის ქვეყანაში, შირავაკანში წაასხეს.
შეკრების მიზეზად ქართველები მონღოლთათვის ხარკის აკრეფას ასახელებდნენ. მონღოლებმა მთავრები გააშიშვლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და, მშიერ-მწყურვალნი, პაპანაქება სიცხეში დატოვეს, თან ყოველდღე შეკრების მიზეზს ეკითხებოდნენ.
როცა დათქმულ დროს ცოტნე დადიანი გამოცხადდა თავისი ლაშქრით და შეიტყო მომხდარი, „მწუხარე იქმნა უზომოდ, და თჳსად სიკუდილად და სირცხჳლად შეჰრაცხა საქმე იგი, და წარავლინა ლაშქარი თჳსი, და ორითა კაცითა წარვიდა ანისად, დამდები სულისა თჳსისა და აღმსარებელი მცნებისა უფლისასა“. ცოტნემ იხილა სასიკვდილოდ განწირული თანამოძმეები, ცხენიდან ჩამოხტა, სამოსელი გაიხადა, თვითონ შეიკრა ხელ-ფეხი და გვერდით მიუჯდა მათ.
მონღოლებმა ცოტნეს მოსვლის მიზეზი ჰკითხეს. „ჩვენ ყოველნი ამად შევიკრიბენით, რათა განვაგდოთ ხარაჯა თქუენი და ბრძანებაი თქუენი აღვასრულოთ - ეს იყო შეკრება ჩუენი. აწ თქუენ ძჳრის-მოქმედთა თანა შეგვრაცხენით, და მე ამის ძლით მოვედ წინაშე თქუენსა, რათა გამოიკითხოთ, და უკეთუ ღირსი რამე სიკუდილისა უქმნიეს, მეცა მათ თანა მოვკუდე, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარა უქმნიეს; უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო“, - უპასუხა ცოტნემ.
ცოტნე დადიანის ასეთმა თავდადებამ იმდენად იმოქმედა მონღოლებზე, რომ მათ ქართველების განთავისუფლება გადაწყვიტეს. „ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ და შენდა მინდობილ ვართ“, - უთხრეს მათ ცოტნეს და ყველანი გაათავისუფლეს.
1259 წლის მონღოლების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში ცოტნე დადიანის სახელი აღარ ჩანს. ვარაუდობენ, რომ ამ დროისათვის ცოტნე დადიანი უკვე გარდაცვლილი იყო.
საქართველოში ყველამ იცის ცოტნე დადიანის შესახებ, მისი გმირობა ყოველთვის სარწმუნოების, სიყვარულისა და თავდადების მაგალითი იყო და ერი ყოველთვის წმიდანის პატივს მიაგებდა მას.
1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ცოტნე დადიანი წმინდანად შერაცხა. ამასთანავე, აღინიშნება ცოტნე დადიანის ხსენების დღე - 30 ივლისი (ძვ. სტ.). იგი მშობლებთან ერთად გამოსახულია ხობის ეკლესიის უძველეს ფრესკაზე.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“