ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციის პროტესტს ოლიპმიური კომიტეტის გამოხმაურება მოყვა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, დისკვალიფიკაცია მიეცა იმ მსაჯებს, რომლებიც გუშინ თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და რუს ჯამალ ოთარსულთანოვის დაპირისპირებას სჯიდნენ.
ხინჩეგაშვილისა და ოთარსულთანოვის ჭიდაობისას არაობიექტურ მსაჯობაზე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის საიტი გუშინაც იუწყებოდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ხინჩეგაშვილისა და ოთარსულთანოვის ოქროს მედლისთვიოს ბრძოლაში ქართველმა მოჭიდავემ აშკარად მომგებიანი გდება გაუკეთა მეტოქეს, მაგრამ მსაჯებმა განხილვის შემდეგ ქულა რუსს მიაკუთვნეს.
"არაობიექტური მსაჯობის გამო ფინალი ნაადრევად დასრულდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილისთვის. რუს ჯამალ ოთარსულთანოვთან ოქროს მედლისთვის შეხვედრის ბოლო წამებზე ქართველმა მოჭიდავემ აშკარად მომგებიანი გდება გაუკეთა მეტოქეს, მაგრამ მსაჯებმა განხილვის შემდეგ ქულა რუსს მიაკუთვნეს.
ვინაიდან ბოლო ილეთი ოთარსულთანოვს ჰქონდა გაკეთებული, თანაბარ ანგარიშზე ის იგებდა სეტსაც და ამ შემთხვევაში მთლიანად მატჩსაც. მაგრამ ხინჩეგაშვილმა 12 წამი იმყოფინა ილეთის მოსამზადებლად და 2-წუთიანი დროის ამოწურვამდე ორი წამით ადრე ყველასთვის იოლად დასანახი გდება შეასრულა.
მსაჯები მისთვის ქულის მიცემას არ აპირებდნენ, ქართველებმა კი მომენტი გააპროტესტეს. არბიტრებმა მოკლე განხილვის შემდეგ 3:3 ანგარიში დატოვეს, შემდეგ კი მეორედ მოითათბირეს და ქულა რუსს დაარიცხეს.
ხინჩეგაშვილს კუთვნილი ქულა რომ მიეღო, სეტს ის მოიგებდა, ანგარიშს გაათანაბრებდა და მესამე სეტში მოგებისთვის იბრძოლებდა, ასე კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ლონდონის ოლიმპიადაზე ეს იყო მეორე მკაფიო შემთხვევა, როდესაც მსაჯებმა ქართველ მოჭიდავეს ქულა დააკლეს. რამდენიმე დღის წინ ანალოგიურ ვითარებაში მათ ბერძნულ რომაულად მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძეს ბრინჯაოს ფინალში ყაზახ მოჭიდავესთან არ მიაკუთვნეს ქულა ილეთისთვის", - იუწყებოდა ოლიმპიური კომიტეტის ვებგვერდი.
გუშინ ფინალში ხინჩეგაშვილი ოთარსულთანოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ჭიდაობას შუა აზიელი მსაჯები სჯიდნენ.