თბილისში არჩევნების მოგება გიგი უგულავას და დეპუტატ გიორგი მელაძეს აბარია. როგორც from.ge-ს სანდო წყარომ აცნობა, მიხეილ სააკაშვილმა თბილის მერს და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს დავალება მისცა, რომ თბილისში, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, საპარლამენტო არჩევნები მოიგონ.
გიგი უგულავა აქტიურად არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში. თბილისის რამდენიმე მაჟორიტარ კანდიდატს სწორედ ის ლობირებს. გიორგი მელაძე კი უგულავასთან დაახლოებული ადამიანია. მელაძე დეპუტატობამდე მერიაში მუშაობდა და ახლაც ქალაქის მერთან ყველაზე უფრო დაახლოებულ დეპუტატად ითვლება. ამიტომაც კარგა ხანია საუბრობენ, რომ მელაძე ნაციონალური მოძრაობის გამსვლელ სიაში იქნება ჩასმული.
რაც შეეხება თბილისს, ნაციონალური მოძრაობა თბილისის რაიონების მოგებით მეტისმეტად არის დაინტერესებული. გიგი უგულავამ უნდა დაამსხვრიოს გამოთქმა - რომ „თბილისს ნაციონალები არ უყვარს“.
იმასაც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გიგი უგულავას უთხრა: თუ თბილისს მოიგებ, ამბიციები და პრეტენზიები შემდეგ შეიძლება გქონდესო. თანაც, ყველას კარგად ახსოვს, რომ გიგი უგულავას ქალაქის მერად არჩევაში სააკაშვილს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის. სწორედ სააკაშვილი წარმართავდა უგულავას საარჩევნო კამპანიას ადგილობრივი არჩევნების დროს.
თბილისის რაიონების მაჟორიტარებს ნაციონალური მოძრაობა კარგა ხანია არჩევს. მათი საზოგადოებისთვის წარდეგნა ნაციონალებმა იქამდე დააყოვნეს, სანამ „ქართული ოცნების“ კანდიდატების ვინაობა არ შეიტყვეს. ორშაბათს კი, თბილისში მმართველი პარტიის მაჟორიტარები დასახელდება.
ნაციონალური მოძრაობის 10 მაჟორიტარის წარდგენა 13 აგვისტოს ნაციონალური მოძრაობის ოფისში მოხდება, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს. ამ კადიდატებს თბილისის მერი და პარლამენტის თავმჯდომარე გააცნობენ თბილისელებს.
წინასწარი ინფორმაციით, თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების სია ასეთია: კრწანისი – დავით საყვარელიძე, მთაწმინდა– არჩილ გეგენავა, ჩუღურეთი– ანდრო ალავიძე, ვაკე–გიორგი კარბელაშვილი, დიდუბე – გოგი ჩაჩანიძე, გლდანი – ნიკოლოზ ხაჩირიშვილი, სამგორი – მიხეილ მაჭავარიანი, ისანი– გიორგი ვაშაძე, ნაძალადევი – მერაბ სამადაშვილი, საბურთალო – ანდრია ურუშაძე.
თუ გიგი უგულავამ პრეზიდენტის მიერ მიცემული დავალება კარგად შეასრულა, მაშინ თბილისის 10 მაჟორიტარიდან ნაციონალებმა მინიმუმ 6 რაიონი უნდა მოიგონ. ნაციონალური მოძრაობის წევრები წინასწარ იკვეხიან, რომ თბილისში მხოლოდ 3 მანდატის დათმობა მოუწევთ, დანარჩენ რაიონებში კი წარმატებას მიაღწევენ.