საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერის კახა მიქაიას ინფორმაციით, ზუგდიდში, ფარითა და ხელკეტით აღჭურვილი ადამიანების სამზადისი მიმდინარეობს.
მიქაიას თქმით, აღნიშნულზე ის ინფორმაციას ფლობდა ორი თვის უკანაც და ამის შესახებ, გაზეთ „ალიას“ საშუალებით მთელ საზოგადოებას აცნო.
მისივე თქმით, ჟურნალისტმა ნანა ფაჟავამ მოახერხა და ეს ინფორმაცია კადრებით დაადასტურა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აღვნიშნავ, ნანა ფაჟავას განსაკუთრებულ როლს, რადგან მან მოახერხა და რაზეც მე ვსაუბრობდი კადრებით დაადასტურა“, - განაცხადა მიქაიამ.
მიქაიას განცხადებითვე, ამ ჯგუფებში როგორც პოლიციელები, ასევე ზონდერები, სამოქალაქო პირები, ე.წ ნებაყოფლობითი რეზერვისტები არიან გაერთიანებული და მათ კოორდინაციას კონტრდაზვერვის დეპარტამენტი უწევს.
„ფირზე ასევე ჩანს, ყოფილი ცნობილი ზონდერი, ახლა პოლიციელი გიორგი სამუშია, რომელიც ზუგდიდში ოპოზიციის მიტინგების დარბევაში 2007 წელს აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა. როგორც კადრებიდან ჩანს და ჩემი ინფორმაციითაც, ხელისუფლება მიტინგების დასარბევად ემზადება. ახლა, მტკიცებით ფორმაში ვერ გეტყვით, კონკრეტულად, ეს ეხება თუ არა იმ მიტინგის დარბევას, რომლის ჩატარებასაც კოალიცია „ქართული ოცნება“ სექტემბერში ზუგდიდში აპირებს, მაგრამ ფაქტია, რომ სავარაუდოდ, ეს ღონისძიებები ერთი რამისკენ, მიტინგების დარბევისკენაა მიმართული“, - განაცხადა მიქაიამ.