მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე და 33-ე ბატალიონის ISAF-ის მისიაში მონაწილე სამხედროები სხვადასხვა სახის სახელმწიფო და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე 592 ჯარისკაცს სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის სპეციალური მედალი „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ გადაეცათ.
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა კაპიტანი პაატა ნაკანი, ხოლო კაპიტნებს ბორის ჩარქსელიანს, აკაკი ნადირაძესა და ზაზა გორგოძეს ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენები გადაეცათ. მათ აღნიშნული ჯილდოები ავღანეთის ISAF-ის მისიაში არაერთი წარმატებული ოპერაციის შესრულებისთვის მიენიჭათ.
წარმატებული სამხედროები თავად საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობამ დააჯილდოვა.
ასევე დაჯილდოვდნენ ვიცე-პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე, ვიცე-პოლკოვნიკი დავით გვალია და უფროსი ლეიტენანტი გიორგი ჯალაღონია, მათ მედლები „მხედრული მამაცობისთვის“ გადაეცათ, ხოლო 23 სამედრო მოსამახურე სპეციალური მედლებით „საბრძოლო დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდნენ, 43 სამხედროს კი უწყებრივი მედლები გადაეცათ.
როგორც დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო ყოველთვის დააფასებს იმ სამხედროების ღვაწლს, რომლებსაც ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, ISAF-ის მისიაში მონაწილეობით, წვლილი შეაქვთ მსოფლიოს უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.