პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ პროტესტის ტალღის დაწყებას გეგმავს.
ამის შესახებ პარტიის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი. როგორც პარტიის სამართლებრივი პოლიტიკის ხელმძღვანელი, ქეთი ბექაური აცხადებს, პარტიების დაფინანსების წესების შესახებ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2 თვის წინ შევიდა. ბექაური აცხადებს, რომ აღნიშნული უწყება განხილვის პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს და ცდილობს, ყველა ვადა გამოიყენოს, რათა დაფინანსების შესახებ კანონის ანტიკონსტიტუციურობა არ დადასტურდეს ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებამდე.
„პარტია „თავისუფალი საქართველო“ აფრთხილებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს, თუკი არ მოხდება სარჩელის დროული, ობიექტური და მიუკერძოებელი განხილვა, პარტია მიმართავს პროტესტის უკიდურესად რადიკალურ ფორმებს“, - აცხადებს ბექაური.
პარტიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამას გარდა, „თავისუფალი საქართველო“ გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ოპოზიციის ერთობლივი სარჩელის ხელოვნურად დაბლოკვის შესახებ, ინფორმაცია მიაწოდოს დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო საზოგადოებას.