მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 7-8 აგვისტოს 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიის პატივსაცემად, პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და სთხოვა პოლიტიკური რეკლამებისგან თავი შეეკავებინათ. ყველა პარტიამ ეს მოთხოვნა შეასრულა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და პარტიის წევრები კი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობდნენ, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მიხეილ სააკაშვილმა რაჭის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ოქტომბერი იმისთვის კი არ არის, რომ თავი მოვიწონოთ, პირველ რიგში, იმისთვის არის, რომ თავი დავიცვათ“. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ნაციონალებმა ამ ბოლო დროს დევიზი შეცვალეს და ისევ ლაპარაკი დაიწყეს საქმის ნაცვლად, მათ თავისი საქმე გააგრძელონ, ხალხი კი არჩევანს ოქტომბერში გააკეთებს.
From.ge ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა.
-საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ოქტომბერში თავი უნდა დავიცვათ და არა მოვიწონოთ. რას გულისხმობდა პრეზიდენტი თავის დაცვაში?
-ჩემის აზრით, პრეზიდენტმა იგულისხმა ის, რომ თუ გაიმარჯვებს მოწინააღმდეგე მხარე, საქართველო დაიღუპება. როგორც ჩვენთან იციან ხოლმე ქალებმა წყევლა-კრულვა, ისე იქცევა სააკაშვილიც- თუ მე არ ვიქენი, საქართველო დაიღუპება და ა.შ.
-ორი დღეა პრეზიდენტიც და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ტელეეკრანებიდან არ ჩამოდიან, მიუხედავად იმის, რომ მორატორიუმი უნდა ყოფილიყო გამოცხადებული აგვისტოს დღეებთან დაკავშირებით. რატომ უყვართ მხოლოდ „ნაციონალებს“ საქართველო ან რატომ არის რაჭის რთველი ეროვნული ღირსების საქმე?
-საქართველოს პრეზიდენტის წინადადება დანარჩენი პოლიტიკური პარტიებისადმი იყო ვირეშმაკური ხრიკი- თქვენ ტელევიზიით არ გამოხვიდეთ, როგორც პარტიის ლიდერები, მე გამოვალ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოში ამის კბილი ყველას მოცლილი აქვს, დიდი ხანია.
თუ ვინმეს არ უნდა ამოეღო ხმა ამ ორ დღეს საქართველში, სწორედ მათ, მაგრამ ენა არ გაუჩერებიათ და იმდენი სისულელე ილაპარაკეს და ისეთი გამოსვლები ჰქონდათ, თუმცა სიახლე არაფერია.
“ ნაციონალურმა მოძრაობამ“ დევიზი „საქმე-ლაპარაკის ნაცვლად“, ამ ბოლო დროს მთლიანად შეცვალა დევიზად-„ლაპარაკი საქმის ნაცვლად“. მე მათ ვურჩევდი, საქმე აკეთონ, არჩევანს კი ქართველი ხალხი ოქტომბერში თვითონ გააკეთებს.
-რატომ უნდა „ქართულ ოცნებას“ წარსულში დაბრუნება და თუ სჯერა თუ არა თქვენს ამომრჩეველს ამის?
-საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით 20-25%-ს სჯერა სააკაშვილის ამ განცხადების და ესენიც ძირითადად, სახელისუფლო რესურსია. ამ დასახელებული ციფრიდან, შეიძლება 5%-ს სჯერა ნაციონალური იდეების, დანარჩენი უბრალოდ ვალდებულია სჯეროდეს. სწორედ მათ სჭირდებათ გამხნევება და პრეზიდენტიც და „ნაციონალური მოძრაობაც“ მათ ამხნევებს.
რაც შეეხება წარსულში დაბრუნებას, მიხეილ სააკაშვილს მინდა შევახსენო, რომ ის ედუარდ შევარდნაძემ მოიყვანა პოლიტიკაში, იყო მისი პარტიის გენერალური მდივანი, მისი მინისტრი. მე წარსულში გულაგი მაქვს, სააკაშვილს შევარდნაძე და „მოქალაქეთა კავშირი“.