„ახალი მემარჯვენეების“ გორის მაჟორიტარი კანდიდატი იოსებ ბორცვაძე დღეს სამხედრო პოლიგონთან არსებული ვერხვების დასახლების კორპუსების მაცხოვრებლებს შეხვდა, სადაც მოსახლეობა სერიოზულ წუხილს გამოთქვამს ყოველდღე გამართული სამხედრო წვრთნების დროს გასროლილი და აფეთქებული ჭურვების ხმის გამო.
აგვისტოს ომის დროს სწორედ აღნიშნული ადგილი დაიბომბა და მოჰყვა სამოქალაქო მსხვერპლი. ყოველივე ამის შემდეგ ძნელია ყოველდღე უსმინო პოლიგონზე, რომელიც დასახლებიდან სულ რაღაც 100 მეტრშია, მძიმე საარტილერიო ჭურვების აფეთქების ხმას. ,,გორში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში უმძიმესი სტრესი გადაიტანეს, ვისაც დაეღუპა შვილი, ნათესავი, ახლობელი, სამხედრო წვრთნების მიმდინარეობის დროს აფეთქებების ხმა და მძიმე დღეების ყოველდღიური შეხსენება, აუტანელს ხდის მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას"– აცხადებს იოსებ ბორცვაძე.
გარდა ამისა, მემარჯვენეების აზრით, ქალაქში არ უნდა იყოს ასეთი ტიპის სამხედრო პოლიგონი, ქალაქის ურბანული, ინფრასტუქტურულ და თანამედროვე ტიპის ქალაქად გადაქცევაში საერთოდ არ ჯდება სამხედრო პოლიგონის არსებობა თუნდაც ქალაქის გარეუბანში.
ახალი მემარჯვენეების გორის მაჟორიტარი კანდიდატი მოითხოვს რომ გატანილ იქნას სამხედრო პოლიგონი ქალაქიდან ან შეწყვიტონ მძიმე საარტილერიო ჭურვებისა და ქვემეხების გამოყენება აღნიშნულ პოლიგონზე.