პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი ლოტკინზე მდებარე ბოშათა დასახლებას ეწვია. მოსახლეობასთან შეხვედრამდე წულუკიანმა ნადეჟდა მარტინოვას ოჯახი მოინახულა, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.
წულუკიანის განცხადებით, ამ ოჯახს გაუსაძლისად უჭირს.
„ამ ოჯახმა თბილისის მერიას არაერთხელ მიმართა დახმარების თხოვნით, თუმცა - ამაოდ. თბილისში სულ 800 ბოშა ცხოვრობს. ამ ადამიანთა უმრავლესობა ამ უბანშია დასახლებული. ჩვენი ვალდებულებაა, ამ ხალხს ადამიანურად ცხოვრების პირობები შევუქმნათ და მე მათ ამის პირობას ვაძლევ“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ბოშებს უნდა მიეცეთ მცირე ბიზნესის წარმოების შესაძლებლობა, რაც მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა.
დღესვე წულუკიანი ხერთვისის #22-ში, აფხაზეთის ომში დაღუპული თომა ბარნაბიშვილის ოჯახს ეწვია. დაღუპული მეომრის 79 წლის დედა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.
წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამ ქალბატონს მისი შვილის გმირობისთვის დანიშნული 20-ლარიანი შემწეობაც მოუხსნეს.
„ჯერ ის რამხელა ცინიზმია, როცა ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული მეომრის დედას, რომელსაც გმირობისთვის ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენი აქვს მიღებული, 20-ლარიან შემწეობას უნიშნავ და მერე იმასაც მოუხსნი“, - განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის, დასაქმების, განათლების პროგრამები გააცნო და არსებული პრობლემების მოგვარების მისეული გეგმის შესახებ ესაუბრა.