პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ტრიპოლსკის დუშეთში ვიზიტს ხმაური მოჰყვა. ტრიპოლსკი მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა, როდესაც მოსახლეობის ნაწილმა მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრებმა ტრიპოლსკი და მისი გუნდი რუსული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს.
„ქართული ოცნების“ დუშეთის შტაბის ხელმძღვანელის თედო კარიაულის განცხადებით, ხალხს მობილიზება გაუკეთეს და შეხვედრის ჩასაშლელად მოიყვანეს.
„შეგნებულად ძაბავენ სიტუაციას და პროვოკაციულ შეკითხვებს სვამენ“, - განაცხადა კარიაულმა.
ტრიპოლსტის განცხადებით კი, „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, კანონში ისეთი პუნქტი ჩაიწერება, რომლითაც დეპუტატის გადარჩევა შესაძლებელი გახდება.
„იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის დეპუტატი მოსახლეობას არ მოეწონება, მისი გაწვევა შესაძლებელი იქნება. ასე რომ, ოთხი წლით, რომ არიან და აღარსად აღარ ჩანან, საზოგადოებაში არ ჩნდებიან, ასე აღარ მოხდება“, - განაცხადა ტრიპოლსკიმ.