საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, „საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის“ მენეჯერი, ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ღიად მიმართავს და სთხოვს, მის საცხოვრებელ ბინაში დარეგისტრირებული უცხო პირები, მისი ბინიდან ამოშალოს, ხოლო თვითონ და მისი მეუღლე „დააბრუნოს საქართველოში“.
განცხადება ლაშა ჟვანიამ სოციალურ ქსელ facebook-ზე საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
"მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას: პირველ რიგში მადლობა საზღვარგარეთ გასამგზავრებელი საგზურებისთვის, ვინაიდან თქვენი გადაწყვეტილებით, მე და ჩემი მეუღლე "აღმოვჩნდით საზღვარგარეთ", სამაგიეროდ ჩემს კუთვნილ მისამართზე რეგისტრირებული გყავთ პიროვნებები, რომელთაც არასოდეს უცხოვრიათ ჩემს სახლში:
1. სერგო რამენსკი 22.07.1961;
2. ოლეგ რუვინსკი 12.11.1965;
3. ვლადიმერ ლერმან 16.04.1964.
ამ პირებს სიამოვნებით გადავცემ საზღვარგარეთის საგზურებს. სამაგიეროდ გთხოვთ, მე და ჩემი მეუღლე "დაგვაბრუნოთ" იქ სადაც ვართ - საქართველოში“,-ნათქვამია მიმართვაში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მოქალაქეები სიებში საკუთარ თავს ვერ პოულობენ, მათ ადგილას სხვა პირებია ჩაწერილი. საინტერესოა, რომელი წლების სიებს იყენებს ცესკო?
შეგახსენებთ, ლაშა ჟვანია 1998-2002 წლებში საქართველოს საელჩოში ისრაელის სახელმწიფოში ჯერ პირველ მდივნად და შემდგომ კონსულად მუშაობდა. ხოლო 2005 -07 წლებში ისრაელსა და კვიპროსში საქართველოს ელჩად მუშაობდა.
2008 წლის ივნისიდან ლაშა ჟვანია საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ჩუღურეთის მაჟორიტარი იყო და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
2008 წელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა. 2009 წლის 21 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურის გადაწყვეტილებით თანამდებობა დატოვა სამინისტროს "არადამაკმაყოფილებელი და არაკოორდინირებელი მუშაობის" გამო.