უწყებათაშორისო კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსებული სოციალური ვიდეორგოლების შესახებ ინფორმაცია შეისწავლა და საქართველოს მთავრობას და საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკომენდაციით მიმართავს წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში იმ ვიდეორგოლების განთავსება შეაჩეროს, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს ასახავს და შესაძლოა, საარჩევნო რეკლამად იქნეს აღქმული.
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თამარ კინწურაშვილის განცხადებით, ვიდეორგოლები - „ერნერგოდამოუკიდებელი საქართველო“, „საქართველოს სტაბილური ენერგომომარაგება“, „დამზადებულია საქართველოში“, „მთავრობის 10-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა“, „30 ახალი საავადმყოფო 30 დღეში“, პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“, მთავრობის მიერ განხორცილეებული პროექტების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
მისივე თქმით, უწყებათაშორისო კომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეული მომსახურების საარჩევნო აგიტაციისგან მკაფიო გამიჯვნას.
კინწურავილის განცხადებით, საარჩევნო პერიოდში სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტების ან მათი საარჩევნო ნომრის გამოყენება აკრძალულია. კანონმდებლობა ასევე აწესებს შეზღუდვებს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ისეთი ბეჭდური მასალის დამზადებაზე რომელშიც ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი ან არჩევნებში მონაწილეების რიგითი ნომერია ასახული.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ სოციალურ რეკლამებში არც საარჩევნო სუბიექტი, არც მისი საარჩევნო ნომერი არ ფიგურირებს, იმისთვის, რომ გამოირიცხოს სოციალური რეკლამის საარჩევნო აგიტაციასთან გაიგივება, კომისია რეკომენდაციას აძლევს მთავრობას და საზოგადოებრივ მაუწყებელს, შეაჩერონ ამ ვიდეორგოლების განთავსება.