აუდიტის სამსახურმა „ქართუ ბანკში“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ შემომწირველების პირადი ქონება და ანგარიში დააყადაღა. აღნიშნულის შესახებ, დღეს „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა ბრიფინგი გამართა.
ჯავახიშვილმა აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილება პოლიტიკურად ანგაჟირებულად შეაფასა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის სამსახურში ყველა დაბარებულმა ხელფასის ცნობები და შემოსავლების ოფიციალური დოკუმენტები წარმოადგინეს, თურმე ვერც ერთ მათგანს წყარო ვერ დაუდასტურებია.
ჯავახიშვილმა განსაკუთრებით ხაზ გასმით, „ქართუ ბანკის“ თანამშრომლის ირაკლი ბერაიას შემთხვევა აღნიშნა და განაცხადა, რომ მას სამი გადარიცხვა აქვს „ქართული ოცნების“ ანგარიშზე. 100, 200 და 33000 ლარი, თურმე ვერც 100 დაუსაბუთებია, ვერც 200 და ვერც 33 000.
„შეიძლებოდა ქალბატონ მოგელაძეს ეჭვი შეპარვოდა იმ მტკიცებულებაში, რომელიც ბატონმა ირაკლი ბერაიამ წარუდგინა 33 000 ლარის ნაწილში, მაგრამ კაცს, რომელსაც 4000 - ლარზე მეტი აქვს ხელფასი, როგორ შეიძლება ვერ დაასაბუთოს 100 ლარის შეტანა ნებისმიერი ხარჯის ასანაზღაურებლად?!
მინდა მოგელაძეს ვუთხრა, რომ 4000 ლარში 40 ასი ლარი შედის და რა არის აქ დასასაბუთებელი?!
პირადად მე გახლდით ქალბატონ მოგელაძესთან ახსნაც გავაკეთე და საბუთებიც წარვადგინე, რომ ამ შემთხვევაში, ჩემი შემოწირულობის მთავარი საფუძველი ისაა, რომ უკვე მეათე თვეა საქართველოს ხელისუფლება „ქართუ ბანკთან“ აღვირახსნილ და უპრეცედენტო, ფაქტობრივად, ომს აწარმოებს. უამრავი დანაშაულებრივი ქმედებით, უამრავი ზარალი მოგვაყენა და იმაზე აღვშფოთდი, რომ ყოველგვარი ახსნა- განმარტების გარეშე, დროებითმა ადმინისტრაციამ გამათავისუფლა სამსახურიდან და ამ განთავისუფლების კომპენსაცია მომცა 17 000 ლარის ოდენობით.
„ქართული ოცნების“ ანგარიშზე სწორედ, ეს 17 00 ლარი შევიტანე და რა არის აქ ქალბატონი მოგელაძისთვის გაუგებარი და რატომ შეიძლება ეჭვი შეპარვოდა, რომ ნოდარ ჯავახიშვილს არ ჰქონდა წყარო. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ბატონი უგულავას და ზარქუას ხელმოწერით დოკუმენტი მივუტანე, რომ მე სამსახურიდან უკანონოდ და უსაფუძვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომპენცსაცია მივიღე. როგორც მე ასევე ანალოგიური ახსნა ჰქონდა დირექტორატის ყველა წევრს“, - განაცხადა ჯავახიშვილმა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი საკითხის ირგვლივ, ნებისმიერი განცხადების გაკეთება შეიძლება, მაგრამ ოფიციალურ ხელმოწერილ დოკუმენტს არ დავეყრდნობი და რაც მომივა ტვინში იმას გავაკეთებო, ქალბატონ მოგელაძის სამსახურში დაახლოებით ეს სიტუაციაა.
ჯავახიშვილის განცხადებით ხვალ სასამართლოში 10 საათზე დაბარებულნი არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები.