პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ საკუთარი ამომრჩევლის ხმების დასაცავად ყველანაირ კანონიერ ზომებს მიმართავს და ქუჩაშიც გამოხატავს პროტესტს. ამის შესახებ განცხადება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ for.ge -ის პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
„იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ჩვენი ამომრჩევლების ხმების გაყალბება და მოპარვა ვერ გაბედოს, ამოქმედებულია, როგორც საშინაო ისე საგარეო რესურსები და ასევე თითოეულ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ხმების დასაცავად რამდენიმე ადამიანი იქნება მობილიზებული. ყველა რესურსი და ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული, რომ ხელისუფლებამ ხმები არ გააყალბოს. იმ შემთხვევაში, თუ ეს მაინც მოხდა რა თქმა უნდა, არსებობს სამართლებრივი, კონსტიტუციური გზები, რომლებიც გვაძლევს შესაძლებლობას თითოეული ამომრჩევლის ხმა დავიცვათ და არ დავუშვებთ იმას, რომ ხელისუფლებამ ჩვენი ხმები მოიპაროს“, - განაცხდა კობახიძემ.
რაც შეეხება, ხმების დასაცავად ქუჩაში გამოსვლას, კობახიძე განმარტავს, რომ თუ საჭიროება მოითხოვს რა თქმა უნდა, უნდა შეიკრიბო და პროტესტი გამოხატო.
„ეს ჩვეულებრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, დეკლარაციებითა და კონცეფციებით დაცული უფლებაა და არამგონია, რომელიმე პოლიტიკოსმა წინასწარ, რომელიმე კონსტიტუციური უფლების გამოყენებაზე უარი განაცხადოს“, - განაცხადა კობახიძემ.