სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დღეს პოლიტიკური პარტიების ფინანსების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, უკანონო შემოწირულობებით პირველ ადგილზე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიები არიან.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ვახტანგ კეჟერაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ და მასში შემავალმა პარტიებმა უკანონო შემოწირულობის სახით 18 393 634 ლარი მიიღეს.
მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობაა“, რომლის უკანონო შემოწირულობის ოდენობამ 102 572 ლარი შეადგინა.
მისი ტქმით, ქართული პოლიტიკის დაფინანსების წყაროს 90%-ის შემთხვევაში, უკანონო შემოწირულობა წარმოადგენს.
ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური დაფინანსების წყაროებიდან სიდიდით ფიზიკური პირებისგან მიღებული შემოწირულობები დგას, რაც 33 542 100 ლარს შეადგენს. მას სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები - 4 553 330 ლარი მოსდევს, სხვა შემოწირულობები კი, 1 522 653 ლარია.
ანგარიშში ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტის ფინანსური ინფორმაცია აისახა, რომლებმაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 1 იანვრიდან 25 ივლისის ჩათვლით ფინანსური დეკლარაციები წარუდგინეს.
ანგარიშში პარტიების წყაროებისა და დაფინასების შესახებ დეტალური ანალიზია მოცემული, ასევე, გამიჯნულია კანონიერი და არაკანონიერი შემოსავლები და სხვა ხარჯები.