სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის # 11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.
„2012 წლის 8 აგვისტოს ღამის საათებში სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ განახორციელეს ვიზიტი არასრულწლოვანთა დაწესებულებაში. ვიზიტის შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულებაზე იმ დროისთვის რიცხული 122 მსჯავრდებულიდან 60 გადაყვანილი იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N16 დაწესებულებაში, ხოლო 47 მსჯავრდებული - რუსთავის N17 დაწესებულებაში. 15 მსჯავრდებული დატოვებული იქნა ადგილზე.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები გაესაუბრნენ ადგილზე დარჩენილ არასრულწლოვნებს, დაწესებულების ადმინისტრაციას და დაათვალიერეს დაწესებულების საცხოვრებელი კორპუსები. დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ მოცემული მომენტისთვის საცხოვრებელი კორპუსი ფუნქციურად გამოუსადეგარია და საჭიროებს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას.
იმავე ღამეს პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს ვიზიტები რუსთავის N16 და N17 დაწესებულებებში, რა დროსაც მოინახულეს ყველა არასრულწლოვანი მსჯავრდებული, გარდა იმ რამდენიმე მსჯავრდებულისა, რომელთაც სახალხო დამცველის რწმუნებულების ვიზიტის დროს ეძინათ. არასრულწლოვანთა განცხადებით, 8 აგვისტოს ინციდენტი დაკავშირებული იყო გარკვეულ შეზღუდვებთან, რომლებიც უკანასკნელი პერიოდის მანძილზე დაწესდა ადმინისტრაციის მხრიდან. გარდა ამისა, მათი ნაწილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მათ მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, რაც ასევე, მათი გადმოცემით, გახშირებული იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამასთანავე, არასრულწლოვნების განცხადებით, მათი ეტაპირება განხორციელდა მშვიდ ვითარებაში და რაიმე ინციდენტს გადაყვანის და სხვა დაწესებულებაში მიღების დროს ადგილი არ ჰქონია.
მსჯავრდებულების თქმით, არც N11 დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის დროს და არც მას შემდეგ, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.
N11 დაწესებულების ადმინისტრაციის გადმოცემით, არც დაწესებულების რომელიმე თანამშრომელი დაშავებულა და არც თანამშრომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დამუქრებია საფრთხე.
არასრულწლოვნებს ახალ დაწესებულებაში დაუყოვნებლივ მიეწოდათ ლეიბები, ბალიშები, თეთრეული, პირველადი მოხმარების საგნები და ჰიგიენური ნივთები. ისინი განთავსებისთანავე ინახულეს მიმღები დაწესებულების ექიმებმა. რუსთავის N16 და N17 დაწესებულებებში გადაყვანილი არასრულწლოვანი მსჯავრდებულები განთავსებული არიან სრულწლოვანი მსჯავრდებულებისგან განცალკევებით.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო ყველა ღონეს იხმარს, რათა უმოკლეს დროში აღდგეს N11 დაწესებულების ნორმალური მუშაობის რეჟიმი“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.