პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტართა რიგებში ცვლილებების განხორციელებას და მაჟორიტართა სიის გადახედვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ for.ge - ის პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, ამჟამად კანდიდატთა გადარჩევაზე კოალიციაში არანაირი გადაწყვეტილება არაა მიღებული, თუმცა აღნიშნავს, რომ კოალიციას სრული უფლება გააჩნია ესა თუ ისე კანდიდატი, თუნდაც რომელიმე შტაბში, ან სხვა პოზიციაზე გადაიყვანოს.
„მანამ, სანამ ცესკო-ში არ იქნება წარდგენილი ოფიციალური სია მაჟორიტარი დეპუტატებისა და არ მოხდება მათი რეგისტრაცია, შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები მართლაც, განხორციელდეს. მაჟორიტარების დასახელება ეს არ არის დოგმა, ეს მუშა პროცესია, აქედან გამომდინარე, თითოეულ კანდიდატს საშუალება აქვს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდეს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, სწორედ ეს მუშა პროცესი იძლევა საშუალებას, დააკვირდე მაჟორიტარი კანდიდატების მოქმედებას, განსაზღვრო მათი შესაძლებლობები და საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელებასაც არ შეუშინდე.
საბოლოოდ, კობახიძე კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან თავს იკავებს და აცხადებს რომ, მხოლოდ კოალიციის ლიდერს აქვს პრეროგატივა პარტიაში მიმდინარე ცვლილებები ქართულ საზოგადოებას გააცნოს.