„ქართუ ბანკი“ ბანკის ყოფილი დროებითი მმართველის ვლადიმერ უგულავასა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის ირაკლი ზარქუას მიმართ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.
„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, მათ პროკურატურას განცხადებით უკვე მიმართეს.
„პროკურატურისგან რაიმე სამართლებრივ გადაწყვეტილებას არ ველოდები. იმიტომ რომ ეს ქვეყანა უსამართლობის მწვერვალზეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებმა უსამართლობის წინააღმდეგ არ უნდა იბრძოლონ. ბრძოლას დამოუკიდებელი საქართველოსთვის არაფერი შედეგი არ შეიძლებოდა მოჰყოლოდა, თუნდაც მონღოლების ბატონობის დროს, მაგრამ ის, რომ კვირაში ერთხელ, ნებისმიერი სოფელი ჯანყდებოდა და უამრავ ქართველებს სწირავდნენ ბრძოლისთვის ბოლოსდაბოლოს იყო ის, რომ ვიღაცის უღლისგან გავთავისუფლდით. ნუ დანერგავთ საზოგადოებაში მოსაზრებას, რომ თუ საქმეს პერსპექტივა არ აქვს არ უნდა ვიბრძოლოთ“, - განაცხდა ჯავახიშვილმა.
„ქართუ ბანკის“ განცხადების მიხედვით, ბანკის დროებითმა მმართველობამ, რომლებიც აღსრულების ბიურომ ბიძინა ივანიშვილის ქონების დაყადაღების პერიოდში მიავლინა, 4 დეველოპერულ კომპანიასთან 50 მლნ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულებები გააფორმა, რომლის გაცემის შესაძლებლობაც ბანკს ფიზიკურად არ აქვს. ამასთან, ხელშეკრულებები პროცედურული ნორმების დარღვევით გაფორმდა. კერძოდ, დაირღვა „ბანკი ქართუს“ სესხების გაცემის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი პროცედურული ნორმები. აღნიშნულის მიუხედავად, „ბანკი ქართუ“ ვალდებული იყო 4 დეველოპერულ კომპანიაზე 50 მლნ დოლარის სესხი 31 ივლისამდე გაეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაირღვეოდა ლიკვიდობის კოეფიციენტი, რის გამოც შესაძლოა, „ქართუ ბანკში“ ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევიდეს.