არჩევნებამდე 30 დღით ადრე პარტიების და ბლოკების რიგითი ნომრები გახდება ცნობილი. პირველად ნომრის არჩევის უფლება იმ პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
კანონმდებლობით, პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ცესკოს წარუდგენს განცხადებას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური გაერთიანება იტოვებს წინა საპარლამენტო არჩევნებში მიკუთვნებულ რიგით ნომერს ან იღებს პირველ ნომერს.
ამავე წესით ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მეორე და მესამე ადგილებზე გასულ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებსაც აქვთ უფლება, დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნებზე მიკუთვნებული რიგითი ნომერი, ან აირჩიონ შესაბამისად მეორე ან მესამე ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნომერი, რომელიც მათ ჰქონდათ წინა საპარლამენტო არჩევნებზე, უკვე მიეკუთვნა მათზე უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკურ გაერთიანებას.
თუკი წინა საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას.
თუ არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ.