პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერის ბაჩუკის ქარდავას განცხადებას და კონკრეტულად , „ქართული ოცნებისადმი“ მის ბრალდებას, რომ ის „რუსეთის საქართველოში შემოჭრის საფრთხეს ხედავს და მიიჩნევს, რომ ამის საფუძველს „ქართული ოცნება“ ქმნის“ აბსურდს უწოდებს.
ფანჯიკიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანია აბსოლუტურად მშვიდობიანად, დემოკრატიულად და სამართლიანად გაიმარჯვონ პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და ყველაფერმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს.
„იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლების მიზანიც იგივეა, რომ არჩევნები თავისუფალ, მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. არ გაყალბდეს და ყველაფერი ისე წარიმართოს, როგორც კულტურულ ქვეყანას ეკადრება. ესაა ჩვენი მიზანი. თუ ეს ასე არ მოხდა, ქუჩაში გამოსვლა კონსტიტუციურად მონიჭებული უფლებაა და შეიძლება რაღაც სახით, პროტესტის გამოხატვის ასეთი ფორმაც იქნეს მიჩნეული. ამას დღეს, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ვერ გამოვრიცხავ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი ხელისუფლების მშვიდობიან, დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებში დამარცხებაა.
ცნობისთვის, „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას ინფორმაციით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და აქტივისტები მოსახლეობასთან შეხვედრებზე ამბობენ, რომ თუ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგება, ქუჩაში გავლენ და ხელისუფლების მხრიდან მათი დარბევის მცდელობისას გვერდით რუსული ჯარი დაუდგება.
„ესენი აძლევენ რუსეთს საბაბს, რომ საქართველოში შემოიჭრან“, - აცხადებს ქარდავა.