პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას სპორტსმენების დაჩაგვრასა და მათ შორის დაპირისპირების ხელოვნურად წარმოშობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და კონკრეტულად ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანზე ისაუბრა.
ფანჯიკიძის განცხადებით, შუკვანი, რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე ოქროს მედალის მოსაპოვებლად წავიდა, აპირებდა ეს მედალი „ქართული ოცნებისთვის“ მიეძღვნა.
„ ცნობილი იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ შუკვანს გარკვეული სიმპატიები ჰქონდა „ქართული ოცნების“ მიმართ და ასეთი ჟესტის გაკეთებას აპირებდა. ჯერ კიდევ თვითმფრინავში, როდესაც გუნდი ლონდონის ოლიმპიადაზე მიფრინავდა, ლადო ვარძელაშვილმა და მისმა მეგობარმა გია უდესიანმა შუკვანს, აგრესიულად და უცენზურო სიტყვებით მიმართეს. არ მოსწონდათ მისი მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ მიმართ და ურჩიეს ასეთი სიმპატიები ამ პოლიტიკური ძალის მიმართ არ გამოეხატა“,-განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა რომ ეს ხდებოდა შეჯიბრის წინა დღეს, როდესაც სპორტსმენს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება“,-განაცხადა პრესსპიკერმა.
ფანჯიკიძის თქმით, პირველ შეჯიბრს შუკვანმა წარმატებით გაართვა თავი და მიუხედავად იმის, რომ მეორე შეჯიბრის დროსაც წარმატებით ასპარეზობდა, იგი ტრამვამ შეაწუხა .
„როდესაც ტკივილმა იმატა და მას თითიდან სისხლი წამოუვიდა, ეს იმის ნიშანია, რომ მსაჯმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შეჯიბრი, სანამ სპორტსმენი ჭრილობას არ მიხედავს, ეს ასე არ მოხდა. მიუხედავად იმის, რომ მსაჯობა შუკვანის აზრით იყო მიკერძოებული, მან მიმართა ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრს ლადო ვარძელაშვილს და დელეგაციას თხოვნით, მოეხდინათ რეაგირება უსამართლო მსაჯობაზე, თუმცა იგი პასუხის ღირსად არ ჩათვალეს“,-განაცხადა ფანჯიკიძემ.
„ვარძელაშვილმა ჩემი თხოვნა საერთოდ უპასუხოდ დატოვა. ამის შემდეგ სასტუმროში ვიყავი, როდესაც მითხრეს რომ გარეთ უდესიანი არაფხიზელ მდგომარეობაში 10 კაცთან ერთად მელოდებოდა. დაპირისპირებისთვის რომ თავი ამერიდებინა, ფანჯრიდან გადმოვიპარე და ახლობლების დახმარებით საქართველოში გამოვემგზავრე“ - აცხადებს ძიუდოისტი.
„ქართული ოცნება“ მოითხოვს პასუხი გაეცეს იმას, თუ რატომ ხდებოდა შუკვანზე ზეწოლა და რატომ არ მოხდა მისი შეჯიბრის ქართული ტელეარხებით გაშუქება.
ფანჯიკიძის თქმითვე, ეს არის კლასიკური ნიმუში იმის, რომ საქართველოში სპორტსმენები ამ ხელისუფლების მიერ საკუთარ და „ქართული ოცნების“ სპორტსმენებად არიან დაყოფილნი.
გახდება თუ არა „ქართული ოცნების“ წევრი, ამაზე გადაწყვეტილება შუკვანს ჯერ მიღებული არა აქვს, თუმცა, საკუთარ სიმპატიებს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ ღიად აფიქსირებს.
ამასთან, „ქართული ოცნება“ შუკვანისთვის ადვოკატს დაიქირავებს, რის შემდეგაც გადაწყდება გაასაჩივრებენ თუ არა ოლიმპიადაზე მსაჯის მოქმედებას.