სააგენტო „დელფი“ ლატვიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველოში წვრთნებზე მყოფი ლატვიელი კაპრალი, ორგანიზმის გადახურების შედეგად, საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.
სააგენტოს ინფორმაციით, ლატვიის შეიარაღებული პირველი ქვეითი ბატალიონის კაპრალი, იანის ვოიტკევიჩი საქართველოში მიმდინარე სამხედრო-სამთო სწავლებაში მონაწილეობდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 25 ივლისს გაუარესდა.
იანის ვოიტკევიჩი თავდაპირველად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიიყვანეს, 27 ივლისს კი გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით ლატვიის პრეზიდენტი და თავდაცვის სამინისტრო დაღუპული კაპრალის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.