სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი მსჯავრდებული ე.გ. 2012 წლის 19 ივნისს, საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შენახვა, რეალიზაციის ბრალდებით გაასამართლა.
უწყების განმარტებით, 1 აგვისტოს, №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულ ე.გ.-ს უეცრად განუვითარდა სავარაუდოდ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, რის გამოც პაციენტს მყისიერად დაეწყო ადეკვატური მკურნალობა და სასწარაფო წესით გადაყვანილ იქნა №18 სამკურნალო დაწესებულებაში, ჩაუტარდა რეანიმაციული ღონიძიებები, მაგრამ სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა.
მსჯავრდებულ ე.გ.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2012 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
„ვინაიდან უკანასკნელ პერიოდში, ცალკეული სუბიექტების მიერ განსაკუთრებით გახშირდა ზემოაღნიშნული სახის სამწუხარო ფაქტებით მიზნობრივი სარგებლობა და დეზინფორმაციის გავრცელება, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ არ მოხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ზემოაღნიშნული ფაქტის წინასწარი შეფასება და არცერთი სუბიექტი არ ისარგებლებს იმ გარემოებით, რომ კონფიდენციალურობის პრინციპიდან გამომდინარე სამინისტრო არ არის უფლებამოსილი გაავრცელოს უფრო დეტალური ინფორმაცია“,- აცხადებენ უწყებაში.
სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს მსჯავრდებულ ე.გ-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.