საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოში დამკვირვებლის გამოსაგზავნად სპეციალური განაცხადი უკვე 50-მდე ქვეყანას გაეგზავნა.
მისი თქმით, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას მოწვევა ჯერ კიდევ 7 თვის წინ გაეგზავნა.
„გარდა ამისა, მოსაწვევები გვაქვს გაგზავნილი 50-მდე სხვადასხვა ქვეყნის დამკვირვებლისთვის. ძალიან ბევრი ქვეყნისგან დადასტურებული გვაქვს, რომ ისინი არჩევნებს დააკვირდებიან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იქნება ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია, რომელიც ძალიან მალე გამოგზავნის გრძელვადიან დამკვირვებლებს, შემდეგ კი - მოკლევადიან დამკვირვებლებს. ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეების, ევროპარლამენტის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროკავშირის წარმომადგენლები იქნებიან. ველით ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და რესპუბლიკური ინსტიტუტების მისიებს, რომელშიც ასევე კონგრესმენები იქნებიან“, - განაცხადა კაპანაძემ.