დღეს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მფარველი ანგელოზის ხსენების დღეა.
მართლმადიდებლური სამყარო 2 აგვისტოს ილია თეზბიტელს იხსენებს. ამ დღესთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას თავად უწმინდესი ჩაატარებს.
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში.1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშ. სკოლა და ჩააბარა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში.
1957 წელს სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ილია წინასწარმეტყველის საპატივცემულოდ ილია ეწოდა. მალე იგი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, 1959 წელს კი _ მღვდელ-მონოზვნად.
1967 წელს ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V გარდაცვალების შემდეგ წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400წწ).
1978-1983 წწ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. იგი დაჯილდოვებულია მსოფლიოს სა-პატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის პატრიარქების, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამ წელსვე იგი არჩეულ იქნა გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად; 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.
ამ ოცი წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა, მონასტრებისა _ 53-მდე, სასულიერო პირთა _ 1000-მდე. მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის _ წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.