ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ ამომრჩეველთა ერთიანი სია გამოაქვეყნა. სია მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით არის შედგენილი და ასეთია: ძირითად სიაში არის 3 385 844 მონაცემი; აქედან მისამართის გარეშე 52 648 ამომრჩეველი; რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 188 995 ამომრჩეველი; გაურკვეველი მისამართის მქონეა 42 390 ამომრჩეველი; აღნიშნული სიის მიხედვით საზღვარგარეთ იმყოფება 310 113 ამომრჩეველი;
ამ მონაცემებში ითვლება თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაცვის პოლიციისა და სასამართლოს თანამშრომლები, რომლებიც ხმას სპეციალურ უბნებზე აძლევენ და ასეთი არის 55 277 ამომრჩეველი. იძულებით გადაადგილებული კი - 207 055 ამომრჩეველია.
დღესვე კომისიამ წარმოადგინა ხმის უფლების მქონე პატიმრების რაოდენობა, რომელთა რიცხვი 1 295 ამომრჩეველია, ხოლო რეგისტრაცია გაუქმებული აქვს 183 465 ამომრჩეველს.
კომისიის თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის განცხადებით, ორი დღის განმავლობაში ერთიანი სიის საჯარო ელექტრონული ვერსია გამოქვეყნდება. მისი თქმით, ეს არ არის ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვარიანტი, სიის ფორმირება კიდევ ერთი თვე გაგრძელდება, ხოლო საბოლოო ვერსიას კომისია არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, 15 სექტემბერს დადებს.
კაციტაძის განმარტებით, ამ დროისთვის ვერ დაზუსტდა ევროკავშირის იმ მოქალაქეთა მონაცემები, რომლებიც დაბადებულები არიან საქართველოში და ბოლო ხუთი წელია ცხოვრობენ საქართველოში. მისი თქმით, შესაძლოა ასეთი მოქალაქეების დაზუსტება ამ ერთი თვის განმავლობაში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დახმარებით განხორციელდეს.