10 დღეში მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულაციები ამოქმედდება. "საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული არიან, გარკვეული პირობები დაიცვან.
კერძოდ, ისინი ვალდებულები არიან მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება;
ასევე, ტელე ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ფასიანი დროის ტარიფიერთნაირი უნდა იყოს; დაუშვებელია პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.