„ამომრჩეველთა ლიგამ“ „კარდაკარ“ კამპანიის შემაჯამებელი მონაცემები გამოაქვეყნა

„ამომრჩეველთა ლიგამ“ „კარდაკარ“ კამპანიის შემაჯამებელი მონაცემები გამოაქვეყნა

საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ამომრჩეველთა ლიგამ“ თბილისსა და ზუგდიდში სიების დაზუსტების ალტერნატიული „კარდაკარ“ კამპანია დაასრულა და შემაჯამებელი მონაცემები გამოაქვეყნა. აღნიშნულის შესახებ, დღეს,  „ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ ბრიფინგი გამართა.

გუნცაძის განცხადებით, „კარდაკარ“ კამპანიის სამუშაოს 98%-ია შესრულებული. მისივე თქმით, ამ კვირაში შავი ლაქების დაფარვის პროცესი დასრულდება,  ეს მონაცემებიც დაემატება საბოლოო შედეგებს და   ორშაბათს „ამომრჩეველთა ლიგის“ ვებგვერდზე განთავსდება.

 „თბილისი: სულ გავლილია 903171 ამომრჩეველი, აღრიცხულია 732554, აქედან გარდაცვლილია 5048, უცხოეთში იმყოფება  41226, დაუდგენელია 97735, მათ შორის მისამართი არ იძებნება 21013 და სიაში არ არის 9016.

 სულ უზუსტობა, რომელიც შეიძლება  გამოყენებული იყოს ფალსიფიკაციისთვის თბილისში შეადგენს დაახლოებით 21%.  ზუგდიდი:  გავლილია 106134, აღრიცხულია აქედან 97563, გარდაცვლილია 824, უცხოეთში იმყოფება  2059, დაუდგენელია 12655 მათ შორის მისამართი არ იძებნება 2757, სიაში არ არის 1201 ამომრჩეველი. სულ  უზუსტობა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ფალსიფიკაციისთვის ზუგდიდში შეადგენს 17%“, - განაცხადა გუნცაძემ.

მისი თქმით,  მოცემული შედეგებიდან გამომდინარე, რომელიც სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ გამოაქვეყნა და გამომდინარე საზოგადოების დიდი ინტერესიდან, „ამომრჩეველთა ლიგა“ მოითხოვს: გამოქვეყნდეს და საჯარო გახდეს ამომრჩეველთა ერთიანი სია, სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ უთხრას ქართულ საზოგადოებას: რამდენი ამომრჩეველი იმყოფება საქართველოში, რამდენია დაუდგენელი და მიწერილი ამომრჩეველი და რამდენი ამომრჩეველია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სიების დაზუსტების  სახელმწიფო კომისიამ გამოაქვეყნოს სია იმ გეოგრაფიულ არეალში, კერძოდ,  თბილისსა და ზუგდიდში, სადაც „ამომრჩეველთა ლიგამ“  ალტერნატიული  კამპანია განახორციელა და „ამომრჩეველთა ლიგა“  მზადაა აღნიშნულ კომისიას  იდენტიფიცირებული მონაცემები გადასცეს.

გუნცაძის განცხადებითვე,  თუ მათი  საფუძვლიანი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული,  „ამომრჩეველთა ლიგა“ ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან კამპანიას დაიწყებს.