ახალი მემარჯვენეები - სამტრედიის 4000 კომლი მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად 60 კილომეტრს გადის

ახალი მემარჯვენეები - სამტრედიის 4000 კომლი მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად 60 კილომეტრს გადის

დღეს, სამტრედიის გამგეობის წინ,  „ახალი მემარჯვენეების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ბუაძემ სოფელ ახალსოფელთან ხიდის აგების აუცილებლობის თემაზე ბრიფინგი გამართა.

სამტრედიის რაიონის მოსახლეობას საკუთარი მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად დღეში 60 კილომეტრის გავლა უწევს, ხშირად კი ფერმერები მდინარის გადალახვისას სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ. ამ პრობლემის მოგვარება ერთი ხიდის აგებით შეიძლება.

დიდ ჯიხაისში, ეწერში, იანეთში, მელაურში და ახალსოფელში მცხოვრები 4000 კომლი 16 წელია საკუთარი მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად დღეში 60 კილომეტრს გადის, ან მდინარე რიონზე ბორანით გადადის, რაც თავის მხრივ გრძელ რიგში დგომასთან და ხშირად სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებასთანაა დაკავშირებული (რამდენიმე ადამიანი უამინდობისას დატვირთული ბორანიდან გადავარდა და დაიღუპა).  დიდი მანძილის დაფარვის აუცილებლობა მოსახლეობას ხარჯებს უზრდის და მიღებული მოსავლის თვითღირებულებას აათმაგებს.

მაშინ, როცა ხელისუფლება მთელს ქვეყანაში საჩვენებელი შენობების, შადრევნებისა და დეკორატიული შუშის ხიდების აგებითაა დაკავებული, ხალხის ყოფის შესამსუბუქებლად და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშესაწყობად  ხიდის აშენება ავიწყდება.  

სამტრედიის რაიონის გამგეობასა და საკრებულოს არასოდეს დაუყენებიათ ეს საჭირბოროტო საკითხი დღის წესრიგში. არადა მათი ფუნქცია სწორედ მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა  და ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაა.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გამოიყოს თანხები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ბიუჯეტიდან და აშენდეს ხიდი სოფელ ახალსოფელთან, რათა მოსახლეობამ საფრთხის გარეშე და მინიმალური დანახარჯებით შეძლოს საკუთარი ნაკვეთების დამუშავება და ოჯახისთვის სარჩოს უზრუნველყოფა.