თურქეთში მყოფ ქართველ მეზღვაურებს გემზე - ,,გრანდ აილენდი“ დახმარებას დაჰპირდნენ. ერთ ერთი მეზღვაურის, მამუკა კოჩალიძის განცხადებით, თურქეთში საქართველოს საკონსულოდან გემზე მყოფ მეზღვაურებს აცნობეს, რომ გემთმფლობელი კომპანიისგან აქვთ საგარანტიო წერილი, რომლის მიხედვითაც, მეზღვაურებს დაგროვილ 5 თვის დავალიანებას გადაუხდიან.
მისივე განმარტებით, გემზე მყოფ მეზღვაურებს საკვები და წყალიც კარგა ხანია შემოელიათ.
"საგარანტიო წერილში წერია, რომ 30 ივლისს უნდა მოიტანონ დავალიანების თანხა. ჩვენ კი ვცდილობთ, რომ საკვები ხელფასამდე შევინარჩუნოთ“, - განაცხადა კოჩალიძემ.
კომპანიას ჯამში 170 ათასი ლარის ოდენობის დავალიანება აქვს, მათგან 70 ათასამდე ქართველი მეზღვაურების დავალიანებაა.
ქართველი მეზღვაურებს შორის არიან: ზვიად ბრუნჯაძე, რამინ გორგოშაძე, თემურ გოგროჭაძე, ჯემალ მგელაძე, მამუკა ქოჩალიძე და ვეფხია ცინცაძე.
მათი თქმით ისინი სამუშაოდ რვა თვის წინ წავიდნენ და ე.წ საშიში ტვირთების სადგომზე მფლობელი კომპანიისაგან უკვე სამი თვეა უყურადღებოდ არიან მიტოვებული.
მათ დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართეს, თუმცა დახმარებაზე უარი მიიღეს იმ მოტივით, რომ გემზე ტვირთი არ არის.
ქართველი მეზღვაურები კუთვნილ 5 თვის ხელფასს ითხოვენ, რათა საქართველოში დაბრუნება შეძლონ. მათ მხოლოდ ორი თვის ხელფასი აქვთ მიღებული. როგორც ისინი აცხადებენ, გემზე სამუშაოდ საკრუიზო კომპანიის წარმომადგენლის, ლაურა ჩადუნელის დახმარებით მოხვდნენ. ქართველებთან ერთად, გემზე ოთხი აზერბაიჯანელი მეზღვაურიც იმყოფება.
გემი ,,გრანდ აილენდი“ ბერძნულ ამერიკულ ფირმა ,,მეტმარს“ ეკუთვნის და ის თურქებს იჯარით აქვთ აღებული.