ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რეგიონებში „ქართული ოცნების“ აქტივისტების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას აპროტესტებს. ამასთან დაკავშირებით საიამ დღეს განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედვად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას მასშტაბური ხასიათი აქვს, რასაც მედიით გავრცელებული ინფორმაცია მოწმობს, ამ დრომდე არც ერთ უწყებას ოფიციალური განმარტება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.
საია პასუხისმგებელ უწყებებს დაუყოვნებელი რეაგირებისა და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებს. ამასთანავე, ის მზადყოფნას გამოთქვამს უფასო სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს ყველა იმ პირს, რომელთა საბანკო ანგარიშების მიმართაც ყადაღის ღონისძიებაა გამოყენებული.
განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ამა წლის 26 და 27 ივლისს მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია "ქართული ოცნების" ლანჩხუთის ორგანიზაციის წევრებისა და პროექტ „კარდაკარში“ მონაწილე 15 პირის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით. ამასთან, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საბანკო ანგარიშები ასევე დაუყადაღეს „ქართული ოცნების“ 4 აქტივისტს ზუგდიდში.
ამ დრომდე საბანკო ანგარიშების მფლობელებისათვის უცნობია ყადაღის დადების საფუძველი, დასაბუთება და მტკიცებულებები. მათივე განმარტებით, არ ჩაბარებიათ შესაბამისი გადაწყვეტილებაც. ამგვარად, ამ ეტაპზე ისინი მოკლებულნი არიან რაიმე ტიპის სამართლებრივი რეაგირების მოხდენის შესაძლებლობას. ქართული კანონმდებლობა ყადაღის რამდენიმე სახეს იცნობს, რომელნიც განსხვავებული რეგულირების სფეროში არიან მოქცეულნი. მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე გამოტანილი დაყადაღების გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მხოლოდ 48 საათია, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარეებისათვის დროულად მიწოდების მნიშვნელობას. ამ ეტაპზე უცნობია, ყადაღის რომელი სახეა გამოყენებული, კონკრეტულად რა საქმესთან დაკავშირებით ხდება აღნიშნული ღონისძების გამოყენება ან რომელი კანონი უდევს მას საფუძვლად. მიუხედვად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას მასშტაბური ხასიათი აქვს, რასაც მედიით გავრცელებული ინფორმაცია მოწმობს, ამ დრომდე არც ერთ უწყებას ოფიციალური განმარტება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ პასუხისმგებელ უწყებებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ დაყადაღებული საბანკო ანგარიშების მფლობელებს ინფორმაცია დაყადაღების საფუძვლის შესახებ, თითოეულ მათგანს გადასცენ შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილებები და გააცნონ საქმეში არსებული მტკიცებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს დაინტერესებული პირების უფლება მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრებასა და სამართლიან სასამართლოზე. გამომდინარე იქედან, რომ ოპოზიციური კოალიციის - ქართული ოცნების აქტივისტების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას მასშტაბური ხასიათი მიეცა, მოვუწოდებთ შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს საჯაროდ განმარტონ ყადაღის დადების საფუძვლები და გააცნონ საზოგადოებას აღნიშნული გადაწყვეტილების ჯეროვანი დასაბუთება.
ამასთან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას უფასო სამართლებრივი ახმარება აღმოუჩინოს ყველა იმ პირს, რომელთა საბანკო ანგარიშების მიმართაც ყადაღის ღონისძიებაა გამოყენებული. სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ორგანიზაციის შესაბამის რეგიონულ ოფისს“, - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.