აღსრულების ბიურომ  ბიძინა ივანიშვილის ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე სასამართლოს მიმართა

აღსრულების ბიურომ ბიძინა ივანიშვილის ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე სასამართლოს მიმართა

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქალაქო სასამართლოს ბიძინა ივანიშვილის ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა. ამის შესახებ შესაბამისმა უწყებამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ქონების იძულებითი მართვის შეწყვეტისა შესახებ სასამართლომ 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ: 

„2012 წლის 24 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა სრულად დაფარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლებით დაკისრებული თანხა 74,325,065.65 ლარი და აღსრულების საფასური 5,202,754.60 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 15 ივნისის გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილს დაეკისრა ჯარიმა პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ უკანონო შეწირულობის განხორციელებისთვის. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული #4/ა-131-12 და #4/ა-129-12 სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ აუქციონზე, რომელზეც გამოტანილი იყო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100% სს ,,ქართუ ჯგუფში" და აქციების 21.7% სს „პროგრეს ბანკში", აქციების რეალიზაცია არ მოხდა კანონით გათვალისწინებულ ვადაში. აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სს ,,ქართუ ჯგუფი"-ს აქციათა 100%-ისა და სს ,,პროგრეს ბანკი"-ს აქციათა 21,71450%-ის მმართველის დანიშვნის თაობაზე.

დღეს, 25 ივლისს, აღსრულების ეროვნული ბიურო შუამდგომლობით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად 24 საათის განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტილებას ქონების იძულებითი მართვის შეწყვეტისა და მისი მესაკუთრისათვის მმართველობაში დაბრუნების შესახებ“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.