პარტია „ახალი მემარჯვენეები“ კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისთვის კომპენსაციის ინდივიდუალური განსაზღვრის მოთხოვნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კალანდაძემ აღნიშნა, დაზარალებულების ერთმანეთთან გათანაბრება, ე.წ უნიფიცირებული მიდგომას წარმოადგენს, რაც მათთვის მიუღებელია.
„თითოეული დაზარალებული ოჯახისთვის ზარალის და შესაბამისად საკომპენსაციო თანხის ოდენობა ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფულადი დახმარების მოცულობა ოჯახისთვის მიყენებულ ზარალს უნდა შეესაბამებოდეს“, - აცხადებს კალანდაძე.
ამავე დროს, „ახლები“ მიიჩნევენ, რომ დაზარალებულ მოსახლეობაზე აქცენტი მხოლოდ კახეთის რეგიონზე არ უნდა კეთდებოდეს და ხელისუფლება დანარჩენი ორი რეგიონის - მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე ჯავახეთის მოსახლეობასაც უნდა დაეხმაროს.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიწყოს სეტყვის საწინააღმდეგო პრევენციული სისტემების დანერგვა, რომელიც დანაკარგს საშუალოდ შვიდჯერ ამცირებს. ეს სისტემა - საზენიტო დანადგარი 15 დან 50 ათას დოლარამდე ღირს. ხოლო მისი ექსპლუატაცია წელიწადში 500-დან 1000 ლარამდე ჯდება“, - დასძინა მან.