ქრისტიან-დემოკრატები ბიძინა ივანიშვილს არათანმიმდევრულობაში „ამხელენ“. ჟურნალისტებთან საუბარში ქრისტიან-დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს, სამწუხაროდ, მორიგი არათანმიმდევრულობა გამოუვიდა.
„ჯერ იძახდა, რომ თუ კარგი ბიჭია და სააკაშვილი ნუ მომცემს მოქალაქეობას და დღეს მოქალაქეობა არავის ახსოვს. მერე იძახდა, რომ თუ კარგი ბიჭია სააკაშვილი თანხებს არ გადავიხდი, აბა, მოვიდეს, წამართვას და ბოლოს მაინც მოუხდა ამ თანხის გადახდა. ჩვენ ვაფრთხილებდით ივანიშვილს, რომ თავის დროზე გადაერიცხა 150 მილიონი. ეს 150 მილიონი თავის დროზე რომ გადაერიცხა და სააკაშვილისთვის ეთქვა, რომ პენსიონერებს 30 ლარი მოუმატეთ, დღეს სააკაშვილი ჩიხურ ვითარებაში იქნებოდა“, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ და დაამატა,რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ხშირად უწევს თავის სიტყვების უკან წაღება.
„თავის თავს პოლიტიკურად არათანმიმდევრულ მდგომარეობაში აყენებს“, – აღნიშნა ვეფხვაძემ.
კითხვაზე, მოითხოვენ თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარიცხული 80 მილიონი წავიდეს სტიქიის მიერ დაზარალებული მოსახლეობისთვის, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილს ეს გადაწყვეტილება 1 კვირით ან 3-4 დღით ადრე უნდა მიეღო, მაშინ როდესაც დაინახეს რა უბედურებაც მოხდა.
„ზოგადად მისი მაჟორიტარობის კანდიდატები ამ დროს სად იყვნენ? ამ ადამიანებს უნდა მიეტანათ ეს ინფორმაცია“, – აღნიშნა ვეფხვაძემ.