„ქართუ ბანკის“ ყოფილი პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ, გადახდილი ჯარიმის შემდეგ, სს „ქართუ ჯგუფისა“ და „ქართუ ბანკის“ ოფიციალური დამფუძნებლები თავიანთი ქონების განკარგვის უფლებას მოითხოვენ.
ჯავახიშვილის თქმით, ჯარიმის გადახდის შემდეგ, „ქართუ ბანკის“ მმართველობის უფლება ვლადიმერ უგულავას ავტომატურად უწყდება და მან წესით, ლოგიკით და მორალით ბანკი უნდა დატოვოს.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით ის, ავტომატურ რეჟიმში დროებითი მმართველი აღარაა. აქედან გამომდინარე, ბანკი უნდა დატოვოს კიდეც და ყველა ოპერაციების კეთება უნდა შეწყვიტოს“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
ჯავახიშვილის თქმით, დროებითი მმართველის დანიშვნის შემდეგ, „ქართუ ბანკში“ გარკვეული ცვლილებები განხორციელდა და რამდენიმე სერიოზული გადაწყვეტილებაც იგეგმებოდა, თუმცა აღნიშნავს, რომ განხორციელება ვერ მოასწრეს.
„აღნიშნულზე ზუსტი დასკვნის გაკეთება ძალიან ძნელია. ჩემი ინფორმაციით, ბანკის რამდენიმე დღეში დაძირვის გეგმა იგეგმობოდა და რამდენადაც ვიცით, განხორციელება ვერ მოასწრეს. არაა გამორიცხული, ახლა რაღაც ფორსირებები მოახდინონ, თუმცა ჩვენ რაღაც ღონისძიებები მაგის წინააღმდეგაც გვაქვს“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
დროებითი მმართველი „ქართუ ჯგუფსა“ და „პროგრეს ბანკში“ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ 12 ივლისს დანიშნა, რომელმაც „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი დაითხოვა.
აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანის მოთხოვნით საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმართა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 26 ივნისს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“. შესაბამისად, აღსრულების ბიურომ „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100% და „პროგრეს ბანკის“ 21.7% აუქციონზე გაიტანა, რომელიც 10 ივლისს უშედეგოდ დასრულდა - ქონება არ გაიყიდა.
ბიძინა ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით, 75 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რომელიც მან უკვე სრულად გადაიხადა.