სანდრო ბარამიძე: ივანიშვილის მიერ, ჯარიმის თანხის გადახდის შემდეგ, „ქართუ ჯგუფში“  აქციებს ყადაღა უნდა მოეხსნას

სანდრო ბარამიძე: ივანიშვილის მიერ, ჯარიმის თანხის გადახდის შემდეგ, „ქართუ ჯგუფში“ აქციებს ყადაღა უნდა მოეხსნას

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის სანდრო ბარამიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ, ჯარიმის თანხის გადახდის შემდეგ, „ქართუ ჯგუფში“  აქციებს ყადაღა უნდა მოეხსნას და „ქართუ ბანკის“  ახალმა მმართველმა ბანკი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.

მისივე თქმით, კანონის მიხედვით, ჯარიმის თანხის გადახდის შემდეგ დაყადაღებული ქონება მფლობელს უბრუნდება.

„ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტში, ჯამში, 80 მილიონი ლარი გადარიცხა, საიდანაც 75 მილიონი შეადგენს ჯარიმის თანხას, დანარჩენი კი -  ჯარიმის გადახდის ვადების დარღვევისთვის დაკისრებულ 7%-იან თანხას წარმოადგენს.  ახლა ყადაღა უნდა მოეხსნას „ქართუ ჯგუფის“ აქციებს,  მათ  კანონის ეს ვალდებულება აკისრიათ, თუმცა არ ვიცი შეიძლება, ეს ვალდებულება   არც შეასრულონ“, - განაცხადა ბარამიძემ.

სასამართლომ „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი კონტროლის პალატის მიერ მომზადებული ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე 74 325 065.65 ლარით დააჯარიმა, თუმცა ივანიშვილი ჯარიმას უკანონოდ დაკისრებულად განიხილავდა და მის  გადახდას არ აპირებდა.

შესაბამისად, 26 ივნისს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით,  სს „ქართუ ჯგუფის“  და  „ქართუ ბანკის“ აქციების 100%-ს  ყადაღა დაადო.  

12 ივლისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს“  ბანკის აქციების მმართველად ვლადიმერ უგულავა დანიშნა.

19 ივლისს კახეთში და სამცხე ჯავახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაზარალებული მოსახლეობის დახმარების უზრუნველსაყოფად  საქართველოს ბიუჯეტში მთლიანობაში 90 მილიონი გადარიცხა.  კოალიციის ლიდერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მას ყველა გზა მოუჭრა და ერთადერთი კანონიერი საშუალება, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად, უკანონოდ დაკისრებული ჯარიმების გადახდაა.