პარლამენტის შენობა  ბუბა ქებურიამ ღამის საათებში მოინახულა

პარლამენტის შენობა ბუბა ქებურიამ ღამის საათებში მოინახულა

პარლამენტის შენობა მისმა სავარაუდო მყიდველმა ბუბა ქებურიამ ღამის საათებში მოინახულა. 23 ივლისს, ღამის პირველი საათის შემდეგ, ბუბა ქებურიას ავტომანქანა „Rolls-Royce–ით“ პარლამენტში მივიდა და შენობის „ა“ კორპუსი საგულდაგულოდ დაათვალიერა.

როგორც from.ge-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა ქებურია და მისი თანმხლები პირი რამდენიმე წუთი გაჩერდნენ პარლამენტის ეზოში და შემდეგ შენობა დატოვეს.  

პარლამენტის შენობის პრივატიზაციით რამდენიმე ქართველი და უცხოური საინვესტიციო ჯგუფი რომ არის დაინტერესებული, ეს თავად პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა. ეკონომიკის სამინისტრო კი დღემდე ირწმუნება, რომ პარლამენტის შენობა გაყიდული არ არის.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით კი, პარლამენტის ყიდვით პრეზიდენტ სააკაშვილთან საკმაოდ დაახლოებული ბიზნესმენი ბუბა ქებურიაა დაინტერესებული. საფრანგეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს ბუბა ქებურიას ეკუთვნის საქართველოში „ამბასადორი“.

იმასაც ამბობენ, რომ პარლამენტის შენობის მყიდველად  „კემპინსკი ჯგუფი“ დასახელდება, სინამდვილეში კი მის უკან ბუბა ქებურია დგას. ალბათ, უცხოელ ინვესტორში სწორედ ამას გულისხმობენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები.

ამ პარლამენტის ისტორია უცნაურად დაიწყო და დღესაც გაურკვეველ მდგომარეობაშია. პარლამენტის შენობის ადგილას ე.წ. „სობორო“ იდგა, რომელიც 1865-1866 წლებში აიგო. გასაბჭოების შემდგომ ტაძარი დაანგრიეს და მის ადგილას 1938 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო მთავრობის სახლის მშენებლობა, რომელიც 1965 წლამდე გაგრძელდა.

ნაციონალური მოძრაობის წევრები პირად საუბარში ამბობენ, რომ პარლამენტის არსებული შენობა ეკლესიის ადგილას დგას და ეს ადგილი მათთში „მაინც და მაინც კარგ ასოციაციებს არ იწვევს“.

ამჟამად საუბარია იმაზე, რომ პარლმენტის პოტენციური მყიდველი პარლამენტის შენობის ნაწილში სასტუმროს, კაზინოსა და სავაჭრო სახლს გახსნას აპირებს.

თუკი ინვესტორი პარლამენტის შენობაში ასეთი დაწესებულებების გახსნას გეგმავს, მაშინ რატომ არ აპროტესტებენ ამ ფაქტს უმრავლესობის ის წევრები, რომლებიც ეკლესიის ნანგრევებზე ზრუნვით არიან „დაკავებული“ და მათში ეს ადგილი „მაინც კარგ ასოციაციებს არ იწვევს“.

ან რა საჭიროებას წარმოადგენს იმ ადგილზე სადაც იუნკრების საფლავებია და ასევე ხარების სახელობის სამლოცველო,  სასტუმროს ან სავაჭრო ცენტრის გახსნა?

  სანამ პარლამენტი სავარაუდო მყიდველის მოლოდინშია, პარლამენტი იცლება. პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს უკვე მეორე კვირაა რაც საკუთარი ნივთები გააქვთ და ახალი ბრძანების მოლოდინში არიან თუ როდის დაცლიან საბოლოოდ შენობას.