პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა 1450 წვევამდელით განისაზღვრა. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა - 1300 წვევამდელით. თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა კი 6772 წვევამდელით.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2012 წლის საშემოდგომო გაწვევა 1-ელი აგვისტოდან დაიწყება და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში, გაწვეულ იქნებიან 18- დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება. ასეთი მოქალაქეები უკვე ვალდებულები არიან გამოცხადდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში.
ასევე, ჯანდაცვის სამინისტრომ 10 დღის ვადაში უნდა განუსაზღვროს გამწვევ კომისიებს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.
მოქალაქეთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა, გაწვევის მთლიან პერიოდში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს.
ბრძანებულებაში ასევე ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა აღმოუჩინოს დახმარება ადგილებზე თვითმმართველ ერთეულებს, ხოლო ქალაქ თბილისში რაიონის შესაბამის ორგანოებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს.